ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე აჭარაში მშვიდ ვითარებაში დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბათუმსა და ხულოში მოქმედ საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების უმეტესობა გამოცდაზე დროულად გამოცხადდა.
ბათუმში სამ საგამოცდო ცენტრში ჯამში დაახლოებით 4400 აბიტურიენტია რეგისტრირებული, ხოლო ხულოში – 95.
დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდნენ გამოცდას.
პირველი სესიის მონაცემებით, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში 357 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 342 გამოცხადდა, მე-9 საჯარო სკოლაში – 372-დან 357, ხოლო მე-10 საჯარო სკოლაში – 340-დან 327.
ხულოს საგამოცდო ცენტრში, სადაც 95 აბიტურიენტია რეგისტრირებული, პირველ სესიაზე 48-დან 45 აბიტურიენტი გამოცხადდა.
მეორე სესიაზეც მაღალი იყო დასწრების მაჩვენებელი.
ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში 355-დან 342 აბიტურიენტი მივიდა, მე-9 საჯარო სკოლაში – 370-დან 366, ხოლო მე-10 საჯარო სკოლაში – 338-დან 328.
ერთიანი ეროვნული გამოცდები მომდევნო კვირების განმავლობაში გაგრძელდება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.



