AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიანეთში მოსწავლეები სკოლაში მისვლას ტრანსპორტის არარსებობის გამო ვერ ახერხებენ. საჯარო სკოლების ზოგიერთ კლასში პროცესი მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო, მეორე დღეა ვერ განახლდა.
აჭარის განათლების სამინისტრომ მოზარდების ტრანსპორტირების საკითხი ამ დრომდე ვერ უზრუნველყო, შესაბამისად ქედის, შუახევისა და ხულოს უმეტესს სკოლაში პროცესის დაწყება არდადეგების შემდეგ შეუძელებელი გახდა.
შეფერხებას სამინისტროში დიდთოვლობითა და ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსპორტის საკითხის მოუგვარებლობით ხსნიან.
“კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ახალი კომპანია გამოვლინდა, რომელიც მძღოლებთან ტრანსპორტირების საკითხს არკვევს. გარდა ამისა, ბევრ სკოლაში ბავშვები ყინვისა და თოვლის გამო ვერ მივიყვანეთ. კვირის ბოლომდე მოგვარდება პრობლემა ყველა მიმართულებით,” – უთხრა AJARATIMES.GE-ის ჯაბა აბულაძემ, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხის კოორდინატორია.
რატომ არ დაიჭირა სამინისტრომ თადარიგი და არდადეგების დროს რატომ არ მოაგვარა ტრანსპორტირების საკითხი? კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენთან საუბრისას ჯაბა აბულაძემ შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად თოვლი და ყივა დაასახელა, თუმცა ჩაკითხვის შემდეგ მან გვითრხა, რომ გზები გაწმენდილია.
სამინისტრომ ბავშვების ტრანსპორტირება ვერც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში უზრუნველყო.
ინფორმაციისთვის: სკოლების რაოდენობა მაღალმთიანეთში, რომლებსაც ტრანსპორტირება ესაჭიროებათ ⇓
- ხულო: 36 საჯარო სკოლა
- შუახევი: 36 საჯარო სკოლა
- ქედა: 28 საჯარო სკოლა