AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქართველ მეზღვაურს ამ დრომდე ეძებენ, რომელიც გემიდან გადავარდა და გაუჩინარდა. შემთხვევა ეგვიპტის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს მოხდა. ახალგაზრდა მეზღვაური აჭარიდანაა.
ფაქტის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინფორმირებულია, სადაც განმარტეს, რომ სამძებრო პროცესში ჩართული არიან.
“საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ოჯახის წევრებისგან მიიღო ინფორმაცია მეზღვაურის გემიდან გაუჩინარებასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, მივმართეთ გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე, დროშის სახელმწიფოს, ქაიროში საქართველოს კონსულს და ეგვიპტის გაერთიანებულ სამაშველო საკორდინაციო ცენტრს. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი მეზღვაურის საძიებო ოპერაციებს, რომელშიც ჩართული იყო სამი კომერციული გემი, კოორდინირებას უწევდა ქაიროს ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახური. ძებნა-გადარჩენის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა და 2024 წლის 27 ივლისს შეწყდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აგრძელებს კომუნიკაციას ყველა ჩართულ მხარესთან,” – განუცხადეს “აჭარა თაიმსს” სააგენტოში.