“ქართული ოცნების” პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა, რაც საგრძნობლად ცვლის მოქალაქეთა უფლებებს სამართალდარღვევის გასაჩივრების პროცესში.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ცვლილება შეეხება იმ შემთხვევებს, როცა ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია პატიმრობასთან ერთად ფულადი ჯარიმაც და გადაწყვეტილების მიღების უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს.
კანონპროექტის თანახმად, ასეთ შემთხვევებში მოქალაქეს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ საჯარიმო დადგენილება შსს-ს ზემდგომ ორგანოში გაასაჩივროს – საჩივარი მხოლოდ სასამართლოში განიხილება.
ცვლილება უშუალოდ შეეხება, მაგალითად, გზის გადაკეტვის ფაქტებს, რომლისთვისაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ან 5000 ლარიანი ჯარიმა, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
„ამ ცვლილებით, გზის გადაკეტვაზე შედგენილი ჯარიმები პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრდება, შსს-ში კი საჩივრის შეტანის შესაძლებლობა საერთოდ გაუქმდება,“ – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.
მთავარი რისკი, მისი შეფასებით, ის არის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში და მისი აპელაცია ჯარიმის აღსრულებას ვერ შეაჩერებს. შესაბამისად, მოქალაქეებს დაეკისრებათ ვალდებულება, გადაიხადონ ჯარიმა 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის დადგენილების მიღებიდან, მიუხედავად იმისა, გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას მომდევნო ინსტანციაში.
კანონის თანახმად, ამ ახალი წესის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შსს-ში უკვე შეტანილი საჩივრებიც გადაეგზავნება სასამართლოებს. ხოლო იმ შემთხვევებში, როცა საქმე უკვე განიხილა სასამართლომ, მაგრამ დადგენილება ჯერ არ ჩაბარებულა, ძველი წესი კვლავ დარჩება ძალაში და მოქალაქეს ჯარიმის გადახდა 7 დღის ვადაში მოუწევს.
იურისტის თქმით, ეს ცვლილება კიდევ უფრო ზღუდავს მოქალაქის უფლებებს და ქმნის საფრთხეს, რომ სამართლებრივი დავა გახდეს ფორმალური, ხოლო რეალური დაცვის მექანიზმები – მოშლილი.



