ბათუმის მერიასთან გონიოელთა იმ ნაწილის საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებიც წლებია მიწის ნაკვეთების დაკანონებას უშედეგოდ ითხოვენ. საუბარია გონიოს ციხის მიმდებარედ არსებულ მიწებზე, რომლებსაც ადგილობრივები ისტორიულად ფლობენ, თუმცა საკუთრების უფლება ამ დრომდე რეგისტრირებული არ აქვთ.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ წლების განმავლობაში არაერთ სახელმწიფო უწყებას განცხადებით მიმართეს, თუმცა მიწების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. გონიოელების თქმით, ფინანსური დანახარჯების გარდა, რეგისტრაციის არარსებობის გამო ისინი ვერ ახერხებენ საკუთრებით სრულფასოვან სარგებლობას და საკუთარი სურვილით მის განკარგვას.
გონიოელებს მამაპაპისეული მიწები წინა ხელისუფლების – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩამოერთვათ. ნაწილის შემთხვევაში საკუთრების უფლება სასამართლოს გზით აღდგა, ნაწილმა კი მიწები „ქართული ოცნების“ მთავრობის დახმარების შედეგად დაიბრუნა, თუმცა დარჩენილი ნაკვეთების საკითხი კვლავ მოუგვარებელია.
ბათუმის მერიასთან შეკრებილ გონიოელებს დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა კაკაბაძე და ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დავით კოპინაძე შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და რთულია იმის თქმა, თუ როდის გადაწყდება საკითხი მოქალაქეების სასარგებლოდ.