აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შვილები ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ აღარ სწავლობენ. თორნიკე რიჟვაძემ ბავშვები კერძო სკოლიდან მას შემდეგ გამოიყვანა, რაც აღნიშნული ფაქტი „აჭარა თაიმსმა“ გაასაჯაროვა. რიჟვაძეებს ამერიკულ საერთაშორისო სკოლაში ნახევარი თვეც არ უვლიათ და ისინი მამამ, სხვა დაწესებულებაში გადაიყვანა.
“პროგრესში” გვითხრეს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის გათვალისწინებით საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ამ ეტაპზე ვერ გავარკვიეთ, რიჟვაძეებმა არჩევანი კვლავ კერძო სკოლაზე გააკეთეს, თუ ისინი საჯარო სკოლაში დაბრუნდნენ. ცხადია საკითხის დაზუსტებას აჭარის განათლების სამინისტროში შევეცდებოდით, თუმცა უწყება კრიტიკულ და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.
კრიტიკული მედიისთვის თორნიკე რიჟვაძეც მიუწვდომელია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ძირითადად პროპაგანდისტულ, პროსამთავრობო მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ესაუბრება, რომლებიც წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს უსვამენ.
ინფორმაციისთვის: რიჟვაძეები ამერიკულ სკოლაში გადასვლამდე ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში სწავლობდნენ, ამავე დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობდა თორნიკე რიჟვაძის მეუღლე. მაშინ სკოლა მაგდა მამულაძემაც დატოვა, გადაწყვეტილების მოტივი უცნობია.
გარემოება: როდესაც ხელისუფლება მუდმივად გვესაუბრება განათლების სისტემის ეფექტიანობაზე, მაშინ უნდა დაისვას ლოგიკური შეკითხვა: თუ საჯარო საჯარო სკოლები ნამდვილად სთავაზობს ბავშვებს კარგ განათლებას, რატომ არჩევენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩინოვნიკები თავიანთი შვილებისთვის კერძო სკოლებს? როგორც ხშირად ხდება, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ რეფორმები, მაღალი სტანდარტები და განათლების ხარისხი წინ მიდის. თუმცა, როცა საქმე ეხება პირად არჩევანს, ჩინოვნიკებს შვილებს ხშირად კერძო სკოლებში მიჰყავთ.
მრავალი განმარტება მოუსმენია საზოგადოებას, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ კერძო სკოლებში არსებული პირობები უკეთესია, როგორც საგაკვეთილო პროცესის, ასევე რესურსების მხრივ. კერძო სკოლები ხშირად უზრუნველყოფენ უფრო მაღალ სტანდარტებს, საერთაშორისო პროგრამებს, უმაღლესი კვალიფიკაციის მასწავლებლებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას.
სწორედ ეს სიტუაცია აჩენს ერთ-ერთ მთავარ კითხვას, რომლის პასუხებიც ბევრს აინტერესებს: თუ საქართველოს განათლების სისტემა ნამდვილად კარგია, რატომ არ სწავლობენ ჩინოვნიკების შვილები ამ სისტემაში?
აქვე დაგაინტერესებთ: რა კაპიტალი ჰქონდა თანამდებობამდე თორნიკე რიჟვაძეს და რა აქვს ახლა
- რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკები, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ
ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილის შვილი სწავლობს ამერიკულ უნივერსიტეტში, მაშინ როცა ღარიბაშვილი უცხოელ ახალგაზრდებში საგანგაშო „ლგბტ პროპაგანდაზე“ საუბრობს. ამავე დროს, გასულ წელს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისი შვილი ფრანგულ სკოლაში შეიყვანა, ამავე სკოლაში სწავლობს თეა წულუკიანის შვილიც.



