
საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მატარებელი უწყებები მიღებული მოთხოვნების 41%-ზე არ რეაგირებენ ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%) – ამის შესახებ “მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის” კვლევაშია ნათქვამი, რომელიც პროექტის „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში ჩატარდა.
კვლევა 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის მიზანი, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ იყო მედიასაშუალებების მხარდაჭერა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და დროულად მიღების მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.
კვლევის ფარგლებში “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” მონიტორთა გუნდმა სახელმწიფოს მხრიდან საჯარო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად გაცემის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც იმუშავა.
“მონიტორინგის შედეგად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირებამ სისტემური პრობლემა გამოკვეთა. შეიქმნა მონაცემთაბაზა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ამ მონაცემებს. საგულისხმოა, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და მიღების წესს, ადმინისტრაციულ უწყებების ვალდებულებაა უზრუნველყონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დროული და ჯეროვანი მიწოდება.
ერთწლიანი კვლევის განმავლობაში “მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოქმედ 46 მედიასაშუალებასთან ითანამშრომლა. ამ პერიოდში პროექტში ჩართული აქტორების დახმარებით და მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებებში და სამთავრობო უწყებებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ გაგზავნილი 1863 წერილი შეგროვდა და დამუშავდა. წერილების საერთო რაოდენობიდან 1099 წერილზე ჟურნალისტებმა მიიღეს პასუხი, თუმცა თითქმის ერთი მესამედი, 341 (31%) – კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, რაც გარდა იმისა, რომ ნათლად მიანიშნებს მმართველობითი ინსტიტუტების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ღიაობის ხელშეწყობის დაბალ ხარისხზე, ასევე მედიისთვის დაგვიანებით მიღებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში კარგავს რელევანტურობას, რაც მათ საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორია. დაბრუნებული პასუხების საერთო რაოდენობიდან კი, მხოლოდ 44% (488) პასუხობდა მოთხოვნას სრულყოფილად, ხოლო 52% (569) ნახევარზე მეტი – მხოლოდ ნაწილობრივ იძლეოდა გამოთხოვილ ინფორმაციას, რაც ასევე მედიისთვის ხარისხიანი მასალის მოსამზადებლად ხელოვნურ ბარიერებს წარმოადგენს. 27 (2%) წერილის პასუხად უარი გამოიგზავნა, 15 (1%) წერილს კი სხვა სტატუსი აქვს,” – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ერთწლიანი კვლევის ფარგლებში, საინტერესოა თუ რა თემებით ინტერესდებოდა ქართული მედია ყველაზე ხშირად, ასევე, კვლევაში შეგიძლიათ იხილოთ ყველაზე ხშირად რომელ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიმართავდნენ ჟურნალისტები საქართველოს რეგიონების მიხედვით. მთავარი მიგნებები კი ასე გამოიყურება:
- საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მატარებელი უწყებები მიღებული მოთხოვნების 41%-ზე არ რეაგირებენ, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%).
- მთლიანობაში ცენტრალური და ადგილობრივი უწყებები ინსტიტუტებში შესულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა მხოლოდ 26%-ს გაეცემა სრულყოფილი პასუხი.
- ცენტრალური უწყებები ნახევარზე მეტ შემთხვევაში (53%) არ პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. ამასთანავე, წერილების 11%-ზე ვადის გადაცილებით პასუხობენ.
- ცენტრალური უწყებები იშვიათად გასცემენ სრულყოფილ პასუხებს (19%).
- ადგილობრივ უწყებებში უპასუხოდ რჩება მოთხოვნათა 38%, ხოლო ვადაგადაცილებით ბრუნდება – 20%.
- ადგილობრივი უწყებები მიერ მიღებული წერილებიდან სრულყოფილად გაეცა პასუხი 28%.
- საჯარო უწყებებში გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების თემატიკა ძირითადად სოციალური დასაქმების პროგრამას უკავშირდებოდა (22%), საიდანაც 55% უპასუხოდ დარჩა, მიღებული პასუხების თითქმის ნახევარი – 49% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი დაბრუნდა მხოლოდ 12%-ზე, ნაწილობრივი 10%-ზე. მეორე თემა, რომელიც დომინირებდა – მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვას ეხებოდა, საერთო მონაცემების 20%-ია, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა ერთი მეოთხედი- 25%. მიღებული პასუხებიდან 31% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი მოვიდა 24%-ზე.
ინფორმაციისთვის: „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“, აღნიშნული პროექტი ა.შ.შ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა.