გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 ივლისის დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
მაღალი ტემპერატურის ფონზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონებში კი – ზოგან ძლიერი ნალექი.
სააგენტოს ინფორმაციით, არ გამოირიცხება სეტყვის ფორმირებაც, რაც გარკვეულ რეგიონებში შესაძლოა სერიოზულ ზარალად გადაიქცეს. პარალელურად მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
გარემოს დაცვის უწყება მოსახლეობას დამატებით აფრთხილებს ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შესახებ:
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მცირე ზომის მდინარეებზე წყლის დონეების სწრაფი მატება, ანუ წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ასევე არსებობს მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საფრთხე გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში. საფრთხის დონე შეფასებულია როგორც საშუალო.
მოსახლეობას, განსაკუთრებით კი იმ ზონებში მცხოვრებ პირებს, სადაც წარსულში დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, გარემოს ეროვნული სააგენტო მოუწოდებს სიფრთხილის გამოჩენისკენ და რეკომენდაციებისა და საგანგებო სამსახურის გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, ბუნებრივი საფრთხეები შესაძლოა განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდეს დასავლეთ საქართველოს მთიან ზონებში.



