საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, პროექტში ჩართული მხარეების მონაწილეობით, ბათუმის სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე განთავსდება წყალბადის საწარმო, ე. წ. ელექტროლაიზერი, ასევე შედგენილია მწვანე წყალბადზე მომუშავე საავტობუსე მარშრუტები.
“მწვანე წყალბადის საწარმოს განთავსების საკითხზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა აჭარაში შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორი ბოდო შმიულინგი და კორპორაციაში შექმნილი მწვანე ენერგიის საიმპლემენტაციო ჯგუფის წევრები.
შეხვედრაზე მწვანე წყალბადის საწარმოს მშენებლობისა და მწვანე ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და იურიდიული საკითხი განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ, გიორგი ჩიქოვანი ბათუმის ინდუსტრიულ ზონას ეწვია, სადაც მომავალში, მწვანე წყალბადის საწარმო, ასევე, ავტობუსების სატუმბი და წყალბადის შემნახველი სადგურები განთავსდება,” – წერია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.