22 წლის თამაზ თხილაიშვილმა, რომელიც დაბა ლაითურში მდებარე №1 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ამის შესახებ მისი დედა, სალომე მახარაძე „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს.
დედის თქმით, მისი შვილი კარცერშია მოთავსებული. სალომე მახარაძე ამტკიცებს, რომ ბრალდებულზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ და ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობას არ აძლევენ.
როგორც სალომე მახარაძე გვიყვება, დღეს შვილს შეხვდა და მის სხეულზე თვითდაზიანებების კვალი თავად ნახა. მისივე მტკიცებით, თამაზ თხილაიშვილი პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებმა ფიზიკურადაც სცემეს.
სალომე მახარაძის განცხადებით, ბადრაგები მის შვილს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების უარყოფასა და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას აიძულებდნენ.
პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება ბრალდებულის ადვოკატიც, რომელიც ამ წუთებში თავის დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაციას მიაწვდის თამაზ თხილაიშვილი ადვოკატს და რა გარემოებებს გაასაჯაროებს დაცვის მხარე.
დედის ინფორმაციით, მისი შვილი საპატიმროში დაახლოებით ოთხი თვის წინ მოათავსეს. თამაზ თხილაიშვილი ბათუმში ჯგუფური ცემის ბრალდებით დააკავეს.
„სრული სიცრუეა ბრალდებულ თ. თ.-ს ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მასზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა რაიმე სახით (ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად) იძალადეს.
ბრალდებულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ იგი პენიტენციურ სისტემაში იმყოფება მიმდინარე წლის 10 ივლისიდან, როდესაც განთავსდა N1 (ლაითურის) პენიტენციურ დაწესებულებაში. დაწესებულებაში შემოსახლებიდან დღეის ჩათვლით ბრალდებული იმყოფება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვონ ბრალდებულთან დაკავშირებული ვიდეომასალა.
რაც შეეხება თვითდაზიანებას, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ბრალდებულმა ხელზე მიიყენა მსუბუქი დაზიანება კანზე ნაკაწრის სახით, რის შემდეგაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებული იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მიმდინარე თვეში იგი ბრალდების მხარის მოთხოვნით გადაყვანილი იყო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ბათუმის ფილიალში ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პენიტენციური სამსახური მოკლებულია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცლების შესაძლებლობას“ – მოგვწერეს პენიტენციური სამსახურიდან.

