გიორგი ჭყონიამ, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 335,638,719 ლარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ბიზნესმენი გიორგი ჭყონია საქართველოში რეგისტრირებულ 20 კომპანიას ფლობს, აქედან სამს თავად ხელმძღვანელობს. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ჭყონიას სამი კომპანია – შპს „გზა“; შპს „ბათუმი ცენტრალი“; და შპს „შატო კვირიკე“ – 2011-2023 წლებში აქტიურად იღებდა მონაწილეობა. სწორედ ამ წლებში მოახერხა ბიზნესმენმა ბიუჯეტიდან 335,638,719 ლარის მიღება.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭყონია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია. ამის დასტური პარტიებისთვის შეწირული თანხის სტატისტიკაა, სადაც წერია, რომ გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიასა და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში, 1,394,000 ლარი შესწირეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კველვაში წერია:
სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული შესყიდვებიდან 30 გამარტივებულად შპს „გზამ“ მოიგო, საიდანაც 9,589,953 ლარი აიღო. ჭყონიას ამ კომპანიას დამატებით 95 ტენდერი აქვს მოგებული, საიდანაც 325,765,401 ლარი მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების 67% სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციით ან უკონკურენტოდ არის მოგებული.
შპს „შატო კვირიკეს“ სახელმწიფო შესყიდვებიდან გამარტივებული წესით 36 მოიგო, საიდანაც მისი წილი 220,286 ლარი იყო. ასევე, მოგებული აქვს 45,649 ლარის 2 ტენდერი, სადაც 1 უკონკურენტოდ, 1 კი კონკურენტის დიკვალიფიკაციით მოიგო.
რაც შეეხება, შპს „ბათუმი ცენტრალს“. სახელმწიფომ ჭყონიას კომპანიასთან 10 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება დადო, რის შედეგადაც ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიის მფლობელმა 17, 430 ლარი მიიღო.
გამარტივებული შესყიდვების გარდა, გიორგი ჭყონიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვა გახმაურებულ საქმეეებშიც გაგრძელდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ბიზნესხელშემწყობი კამპანიიდან სსიპ„აწარმოე საქართველოდან“ შპს „შატო კვირიკემ“ სასტუმროს მშენებლობისთვის 5 მილიონი ლარის თანადაფინანსება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სადაც შპს „შატო კვირიკემ“, მრავალკომპლექსიანი სასატუმრო ააშენა ქობულეთის სოფელ კვირიკესთან ახლოს მდებარე მიწაზე, რომელიც ჭყონიას კომპანიას სახელმწიფო ტყის ფონდმა სარგებლობის უფლებით 49 წლის ვადით გადასცა.
„შატო კვირიკეს“ მსგავსად, შპს „ნექსთ ქოლექშენმა“, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, მწვანე კონცხზე 20,366 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან იყიდა. ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიწის შესყიდვა 2017 წლის 6 ოქტომბერს განხორციელდა და მასზე 7 დანგრეული შენობაა განთავსებული.
თენგიზ პეტრიძე, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი ვიცე-მერია, შპს „თაუერ ჯორჯიას“ დირექტორია. ამ კომპანიის 100% წილს ფლობს შპს „ბათუმი ცენტრალი”, ხოლო, თავის მხრივ, შპს „ბათუმი ცენტრალის” 45% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, 55% წილს კი Შპს „გზა”. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Შპს „გზას” 100% წილის მფლობელი თავად გიორგი ჭყონიაა.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ პეტრიძე ვიცე-მერობის პერიოდში სატენდერო კომისიაში ყოველთვის იყო სრულუფლებიანი წევრი. შესაბამისად, ტენდერებს, რომელიც შპს „გზასთან“ იყო ასოცირებული, პეტრიძის ხელმოწერა ჰქონდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თქმით, „ქართული ოცნება“ და მასთან დაახლოებული კომპანიები ე.წ „მბრუნავი კარის“ პრინციპს იყენებენ.
„გიორგი ჭყონიას კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული 250 მილიონ ლარზე მეტი, სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში მიღებული 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება, მისი და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ მმართველი პარტიის და მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ გაღებული მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილ ვიცე-მერთან ურთიერთობები, პრივილეგირებული მდგომარეობის და შესაძლო კორუფციული გარიგებების მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს შეისწავლონ ჩვენს მიერ მოკვლეული ფაქტები და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები,“ – წერია განცხადებაში.