საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციები საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ინსტუმენტია იმის გასაგებად, თუ როგორია მათთვის მინიჭებული ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის ფონზე მათი საკუთრება, ფინანსური მდგომარეობა და შემოსავლის წყაროები. ქვემოთ გთავაზობთ აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეების ქონებრივი დეკლარაციების დეტალურ ანალიზს.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში ასახული მონაცემებით, ერთ-ერთი გამორჩეული ქონების მქონე საჯარო მოხელეა მაღალმთიანეთში. მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო ვალდებულებები და შემოსავლის წყაროები მრავალფეროვანი ფინანსური სურათის წარმოჩენას იძლევა.
ბოლქვაძის საკუთრებაშია სხვადასხვა მოცულობის მიწის ნაკვეთები ბათუმსა და ხულოში: ბათუმში, შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე მას 100%-იანი საკუთრებით ეკუთვნის სამი მიწის ნაკვეთი (180.52 კვ.მ, 223.4 კვ.მ და 400 კვ.მ), რომლებიც სხვადასხვა დროს ნასყიდობითაა შეძენილი – ჯამური ღირებულება 120,000 ლარზე მეტია.
ხულოს მუნიციპალიტეტში მას მემკვიდრეობით მიღებული აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი (2612 კვ.მ, 2141 კვ.მ და 4120 კვ.მ) და აქედან ერთ-ერთ ნაკვეთზე ნაგებობებიცაა რეგისტრირებული. ამ ქონებაში გარკვეული წილები ეკუთვნის ლერი და რატი ბოლქვაძეებს.
რენარ ბოლქვაძე ფლობს ორ მსუბუქ ავტომანქანას: Renault KH708KK – დაბალი გამავლობის ავტომობილი, შეძენილი 2023 წლის აგვისტოში 6,500 დოლარად; Toyota RAV4 – მაღალი გამავლობის ავტომობილი, შეძენილი 2024 წლის დეკემბერში 6,000 დოლარად.
რენარ ბოლქვაძის სახელზე რამდენიმე საბანკო ანგარიშია გახსნილი როგორც საქართველოს ბანკში, ისე თიბისიში. აღსანიშნავია: საქართველოს ბანკში 3400 ლარიანი ოვერდრაფტი, საიდანაც დეკლარაციის მომენტში 153.93 ლარია გამოყენებული. თიბისი ბანკის საკრედიტო ბარათზე კი დარიცხულია 1005.9 ლარიანი ვალდებულება.
- იპოთეკური სესხი – 60,000 ლარი (2023 წელს აღებული, მოქმედია 2028 წლამდე);
- სხვა სესხები – 95,210 ლარი (2021 წლიდან 2033 წლამდე), რომელშიც თანამონაწილე მეუღლე მაკა კოჩალიძეა;
- სამომხმარებლო სესხი – 12,500 ლარი (აღებულია 2024 წლის დეკემბერში, გადახდას იწყებს 2025 წლის იანვრიდან).
საერთო ჯამში, ბოლქვაძე საბანკო ინსტიტუტების მიმართ 170,000 ლარზე მეტი ვალდებულებითაა დატვირთული.
რენარ ბოლქვაძის მეუღლე, მაკა კოჩალიძე, პედაგოგად მუშაობს ორ საჯარო სკოლაში – ქვედა ვაშლოვანისა და ღორჯომის. მისი ჯამური წლიური ხელფასია დაახლოებით 33,500 ლარი. რენარ ბოლქვაძე 2024 წლისთვის ხელფასის სახით ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 52,648 ლარს იღებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, როსტომ ლორთქიფანიძემ, 2025 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ასახა მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო აქტივები, ვალდებულებები და შემოსავლის წყაროები. დეკლარაცია წარმოაჩენს, რომ თავმჯდომარეს აქვს როგორც საცხოვრებელი ბინები ბათუმში, ასევე იპოთეკური სესხით დატვირთული ფინანსური მდგომარეობა.
როსტომ ლორთქიფანიძე ფლობს ორ საცხოვრებელ ბინას: პარმენ რურუას ქუჩაზე, №16 – 82 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც 2019 წელს შეიძინა 73,000 ლარად; დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, №1 – 39.8 კვ.მ ფართობის ბინა, შეძენილი 2023 წლის მარტში, 21,500 აშშ დოლარად. ორივე ბინა რეგისტრირებულია საქართველოს საჯარო რეესტრში და მას 100%-იანი საკუთრებით ეკუთვნის.
როსტომ ლორთქიფანიძეს ასევე აქვს მსუბუქი ავტომობილი, რომელიც 2023 წლის აპრილში 10,000 აშშ დოლარად შეიძინა. ავტომობილის ტიპი ან მარკა დეკლარაციაში მითითებული არ არის.
როსტომ ლორთქიფანიძეს სხვადასხვა ბანკში გახსნილი აქვს ანგარიშები: თიბისი ბანკში – სახელფასო ანგარიშზე თავმოყრილია 18,392.88 ლარი, თუმცა მცირე საკრედიტო დავალიანებაც აქვს (16.22 ლარი); საქართველოს ბანკში – რამდენიმე ანგარიშზე ჯამში დაახლოებით 68 ლარი; ლიბერთი ბანკში – ნულოვანი ბალანსით. დეკლარაციაში მითითებული სხვა აქტიური საბანკო ვალდებულება ან კრედიტი არ ფიქსირდება, გარდა იპოთეკისა. საჯარო სამსახურში მუშაობით ლორთქიფანიძემ 2024 წლის დეკემბრისთვის 52,629.84 ლარის ხელფასი მიიღო.
მეუღლე, სალომე სურმანიძე, მუშაობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში წამყვან სპეციალისტად და დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური შემოსავალია 18,393.52 ლარი.
როსტომ ლორთქიფანიძეს 2024 წლის ოქტომბერში აქვს აღებული 100,000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი თიბისი ბანკიდან, რომლის დაფარვაც განსაზღვრულია 2034 წლის ნოემბრამდე. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, იდენტიფიცირებულია 8,704 ლარის გადახდილი თანხა.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ, 2025 წლის დეკემბერში, ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარი ქონების, საბანკო აქტივების, სესხებისა და შემოსავლების შესახებ ასახა ინფორმაცია. დოკუმენტიდან ჩანს, რომ იგი ფლობს ორ ბინას ბათუმში, აქვს მაღალი გამავლობის ავტომობილი და რამდენიმე სესხი, ძირითადად უძრავი ქონების დაფინანსებისთვის აღებული.
ამირან ცინცაძე სრულად ფლობს ორ საცხოვრებელ ბინას: ტაბიძის ქუჩა, №29 – 67.62 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც 2022 წლის ივნისში შეიძინა 33,000 აშშ დოლარად. აღნიშნული ბინა იპოთეკური სესხით არის შეძენილი; დავით აღმაშენებლის ქუჩა, №22გ – 67.17 კვ.მ ფართობის ბინა, შეძენილი 2020 წლის სექტემბერში 82,816 ლარად. ეს ქონებაც იპოთეკით არის დაფინანსებული. ორივე ბინა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მფლობელობაშია 100%-ით.
ამირან ცინცაძემ 2019 წლის მარტში შეიძინა მაღალი გამავლობის ავტომობილი – LEXUS RX400H, 8,000 აშშ დოლარად.
ამირან ცინცაძეს აქვს სხვადასხვა ბანკში რამდენიმე ანგარიში და შენატანი: საქართველოს ბანკი – სახელფასო ანგარიშზე 4,666.98 ლარი და მიმდინარე ანგარიშზე 1,251.31 ლარი; ლიბერთი ბანკი – საპენსიო შენატანი 2,906.38 ლარით; მოთხოვნამდე ანაბარი – 48.27 აშშ დოლარი. ასევე, დეკლარაციაში მითითებულია, რომ ანგარიშებზე ერთ-ერთი განმკარგავი პირია მარინა ანანიძე.
ამირან ცინცაძეს, გარდა საკრებულოს თავმჯდომარეობისა, კიდევ სამი სამსახური აქვს, თუმცა მათი ანაზღაურება მნიშვნელოვნად დაბალია:
- ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – 52,649.16 ლარი (წლიური ანაზღაურება);
- სს საქართველოს კლინიკები – ექიმი ნევროლოგი, 829.72 ლარი;
- სს ევექსის კლინიკები – ექიმი ნევროლოგი, 173.66 ლარი;
- შპს სალიხ აბაშიძის რეგიონული ცენტრი – კონსულტანტი, 289.44 ლარი.
ჯამში, დეკლარაციით დადასტურებული შემოსავალი ძირითადად საჯარო სექტორზეა დაფუძნებული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ, 2024 წლის ქონებრივი დეკლარაციით ნათლად წარმოაჩინა, რომ ის არა მხოლოდ საჯარო მოხელეა, არამედ ბიზნესწრეებშიც აქტიურად საქმიანობს. დეკლარაციით ირკვევა, რომ ირემაძე ფლობს ძვირადღირებულ ავტომობილს, ოთხ სხვადასხვა ბიზნესში აქვს წილობრივი მონაწილეობა, ხოლო მისი მეუღლე, ილონა ვლადიმიროვა, მილიონდოლარიანი მიწის ნაკვეთის მფლობელია.
თენგიზ ირემაძის მეუღლემ, ილონა ვლადიმიროვამ, 2011 წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში, ჩუბარა მარგულანის ქუჩაზე, 1,500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა 1,000,000 აშშ დოლარად. ეს მონაცემი ყველაზე ძვირადღირებულ აქტივად იწერება წყვილის დეკლარაციაში.
თენგიზ ირემაძე ფლობს: Jaguar F-Pace Prestige, 2017 წლის გამოშვება – ნასყიდობით შეიძინა 2021 წლის 17 ნოემბერს 30,000 აშშ დოლარად. ილონა ვლადიმიროვა კი ფლობს: Volkswagen Tiguan, 2011 წლის მოდელი – შეძენილი ყაზახეთში 29,000 ევროს ღირებულებით.
დეკლარაციით ირკვევა, რომ წყვილს რამდენიმე საბანკო ანგარიში აქვს:
- თენგიზ ირემაძე: ანგარიშებზე არსებული თანხები ჯამში დაახლოებით 294 ლარია, ხოლო მას ასევე აქვს 10,000 ლარის დანაზოგი;
- ილონა ვლადიმიროვა: „საქართველოს ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე აქვს 124.33 ლარი და 100,000 ევროს დანაზოგი.
თენგიზ ირემაძე ჩართულია შემდეგ ბიზნესებსა და კომპანიებში:
- შპს NEW Line Georgia – 100%-იანი წილი, რეგისტრირებული ხელვაჩაურის რაიონში;
- შპს ტიტან ბთ ჯორჯია – 50%-იანი წილი, მეორე მეწილეა დავით ანთაძე;
- შპს ინიციატორ კლასიკი – 100%-იანი წილი, რეგისტრირებული ხულოში;
- შპს სიროქქო გრუპი – 50%-იანი წილი მისი მეუღლის, ილონა ვლადიმიროვას მეშვეობით, რომელიც ამ კომპანიის პარტნიორია.
კომპანიებიდან შემოსავლები არ ფიქსირდება, შესაბამის გრაფაში ნულოვანი ფიცრებია.
თენგიზ ირემაძე საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობისთვის 47863.69 ლარი გამოიმუშავა. დამატებით, დეკლარაციაში მითითებულია 62945 ლარის შემოსავალი ძმის, ავთანდილ ირემაძის, ბიზნესიდან.
მეუღლე, ილონა ვლადიმიროვა, მუშაობდა შპს „ინიციატორ ქონსთრაქშენში“ მარკეტოლოგად და 2023 წელს გამოიმუშავა 12,820.5 ლარი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მჭედლიშვილმა და მისმა მეუღლემ ირმა გოგიტიძემ 2025 წლის ქონებრივი დეკლარაცია უკვე წარადგინეს, სადაც ასახულია მათი მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, ავტომობილები, საბანკო ანგარიშები, შემოსავლები და ვალდებულებები.
მჭედლიშვილების საკუთრებაშია მრავალრიცხოვანი მიწის ნაკვეთები, რომელთაგან ნაწილი მემკვიდრეობითაა მიღებული. ირმა გოგიტიძის სახელზე რეგისტრირებულია ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ორი ნაკვეთი – 618 და 2004 კვ.მ ფართობით, შეძენილი 2015 და 2004 წლებში, შესაბამისად, ჯამური ღირებულება 18,000 აშშ დოლარს შეადგენს. ამ ნაკვეთებზე განთავსებულია ორი შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 3023.3 და 1560.5 კვ.მ.
დავით მჭედლიშვილს მემკვიდრეობით მიღებული აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი ქობულეთის სოფელ ლეღვას ტერიტორიაზე (1275, 7069, 3359 და 3183 კვ.მ), ასევე დაბა გომისმთაში მდებარე 228 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
მის საკუთრებაშია თბილისში, ირაკლი ფარჯიანის ქუჩაზე 130,53 კვ.მ ბინა, ნასყიდობით შეძენილი 2014 წელს, 50,000 აშშ დოლარად. ასევე – მიწის ნაკვეთი ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, 400 კვ.მ ფართობით, შეძენილი 2018 წელს 72,000 დოლარად.
დავით მჭედლიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციიდან 2024 წელს 52,610 ლარის ანაზღაურება მიიღო. მის მეუღლეს, ირმა გოგიტიძეს, „კოლეჯი ახალი ტალღის“ პედაგოგის სტატუსით 22,442 ლარი აქვს დეკლარირებული, ხოლო ინდ. მეწარმეობიდან 91,058 ლარი სეზონური შემოსავლის სახით.
მჭედლიშვილებს სხვადასხვა ბანკში აქვთ ანგარიშები და მცირე დანაზოგები – 740 ლარი „საქართველოს ბანკში“, 856 ლარი „ლიბერთი ბანკში“ და მცირე თანხა „American Express“-ზე.
ირმა გოგიტიძეს დეკლარირებული აქვს სამი სესხი ევრო ვალუტაში:
- 92,850 ევრო – დარჩენილი გადასახდელი: 8,634 ევრო;
- 316,353 ევრო – დარჩენილი: 30,393 ევრო;
- 58,099 ევრო – დარჩენილი: 5,171 ევრო.
სამივე სესხი აღებულია 2021 წელს და გადახდის ვადა სრულდება 2036 წელს.
ირმა გოგიტიძე 100%-იანი წილის მფლობელია შპს „დიმი ჯგუფში“, თუმცა ეს საქმიანობა შეჩერებულია. იგი ასევე არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ქობულეთში.
ირაკლი თავდგირიძეს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს 2024 წელს. მაშინ, როცა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ახლა ის საკრებულოს თავმჯდომარეა.
ირაკლი თავდგირიძის საკუთრებაშია 1116 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბათუმში, ადლიის III ჩიხში, N9-ში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო 2012 წელს.
მეუღლე, ნათია დიასამიძე კი არის ორი მიწის ნაკვეთის 16%-იანი მეწილე ადლიის ქუჩაზე:
- 1138 კვ.მ ნაკვეთი, რეგისტრირებული 2017 წელს;
- 2502 კვ.მ ნაკვეთი, რეგისტრირებული 2011 წელს;
ორივე ქონება გადმოყოლილია მემკვიდრეობით, სადაც ქონებაში ასევე ფიგურირებენ ნათიას ოჯახის წევრები – კობა, მზია, ივერი, ელისო და ზაური დიასამიძეები. მეორე ნაკვეთზე რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობებიც.
ირაკლი თავდგირიძემ 2023 წლის მაისში შეიძინა მსუბუქი ავტომობილი Toyota Avalon, რომლის ღირებულება 10 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
დეკლარაციაში მითითებულია სამი საბანკო ანგარიში:
- „საქართველოს ბანკში“ სახელფასო ანგარიში – 4453.12 ლარი;
- „ლიბერთი ბანკში“ – 155 ლარი;
- დამატებითი შენატანი – 820 ლარი;
2023 წლის მონაცემებით, ირაკლი თავდგირიძის შემოსავალი, როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა, შეადგენდა 49 880 ლარს.
ირაკლი თავდგირიძე „საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს 155 000 ლარის სესხს, აღებულს 2019 წლის 20 თებერვალს. სესხის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2029 წლის 28 მაისამდე. გასულ წელს ამ სესხის მომსახურებაზე 28 795 ლარია გადახდილი.
ცოლები კაპიტალის გარეშე – ქონებრივი დისბალანსი ჩინოვნიკების დეკლარაციებში



