დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რუსული კანონის ამოქმედების შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დაიწყო. პროცესი თითქმის თელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოსამართლეებმა მოსარჩელეების მოსაზრებები და არგუმენტები მოისმინეს იმის შესახებ თუ, რა რისკებთანაა დაკავშირებული რუსული კანონი. მათი შეფასებით, აგენტების კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.
გთავაზობთ შეფასებების ნაწილს, რაც სასამართლო პროცესზე გაკეთდა:
ეკა ბესელია:
თუ ამ კანონს თქვენ შეაჩერებთ და ამას გააკეთებთ რაც შეიძლება მალე, იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს 78-ე მუხლს. თუ არა, მჯერა, ისევე როგორც, ამ დარბაზში, თქვენ გიყურებთ, ეს კანონი მაინც გაუქმდება, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ რაც შეიძლება სწრაფად და მალე, ეს იმ მოსალოდნელ ზიანს ააცილებს ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურია. ერთი თუ ორი პროექტი, რამდენიმე მილიონიანი დახმარება და ა.შ ეს შეიძლება იყოს ზიანის შემადგენელი ნაწილი და არასრული ჩამონათვალი, მაგრამ მას აქვს განგრძობითი ხასიათი, იმიტომ, რომ ამ თანმიმდევრობით ბევრი სხვა დახმარება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ, ჩერდება. განგრძობადი ზიანი არის ის, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დაცვასაც ემსახურება და მათ სხვა უფლებებს, რომელზეც აქ იყო საუბარი.
ევროინტეგრაციის პროცესი როგორც შეჩერდა, მისი განახლება ნებისმიერ დროს შესაძლებელია, აგერ, შემოდგომაზე. იცით, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მორიგი შეფასების დასკვნა მზადდება და ეს შემოდგომაზე მოხდება, რომლითაც შეფასდება, რას აჩვენებს საქართველოს ხელისუფლება და კონსტიტუციური ორგანოები. ამ სადაო აქტის, ამ კანონის შეჩერებით, მათ შორის, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არსებობს ქვეყნის შიგნით შესაძლებლობა, ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს. სამოქალაქო საზოგადოებამ კი ნორმალური და ამ იარლიყებით გარეშე ფუნქციონირება გააგრძელოს, არ დაიხუროს და არ შეწყვიტოს საქმიანობა, რისი საფრთხეებიც არსებობს, [კანონის] მეორე ნაწილის ამოქმედების შემდეგ. მათ შორის ბევრი ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ ემსახურება ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვას…
სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი, ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული მომავალი. ჩვენი მოქალაქეების ღირებულებითი არჩევანი. სასწორის მეორე პინაზე დევს რამდენიმე ადამიანის ქვეყნის საზიანო ახირებული ქმედება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შემოატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდეს. თქვენთვისაც ეს დევს სასწორის ორივე მხარეს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ, სწორედ იმ ორგანომ, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და 78-ე მუხლის მიზანი, ამ გადაწყვეტილებით უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას და მნიშვნელოვანი ნდობის ტესტი კიდევ ერთხელ გაიაროს. სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყანაა უპირველესი თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან.
გიორგი ბურჯანაძე:
მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით სადავო ნორმატიული აქტები იწვევს გამოუსწორებელ ზიანს და საფრთხეს და ამ თვალსაზრისით 3 შესაძლო საკითხია: პირველი გამოუსწორებელი საკითხი შეეხება სადავო ნორმების სტიგმატიზებას და სტიგმატიზებიდან მომდინარე ისეთი იარლიყის მიყენებას, რომელიც ორგანიზაციებისთვის იწვევს გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს, რაც ართულებს ადამიანები საქმიანობას; მეორე საკითხი ეხება გამოუსწორებელ ზიანს, რომელმაც შესაძლოა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის და ადამიანების უსაფრთხოების ხელყოფამდე მიგვიყვანოს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთანაა დაკავშირებული. მესამე საკითხი ეხება კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზაციების მე-15 მუხლით დაცული ვალდებულების შესრულების ხელყოფა და ამ ორგანიზაციების უკან მყოფი პირების უფლებების დარღვევას.
თამარ კორძაია:
ჩვენ, პარლამენტის წევრები, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, ამ სარჩელით მივიჩნევთ, რომ ვასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც 78-ე მუხლმა დაგვიწესა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს. თუ ეს ასე არ მოხდება, უბრალოდ, ჩვენ დაგვეხურება ევროკავშირის კარი, გაურკვეველი ვადით.
ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა და ამ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობა, უბრალოდ გამორიცხულია ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პირობებში. ჩვენ, კონსტიტუციურ ორგანოებს 78-ე მუხლი გვავალდებულებს ყველა ზომა მივიღოთ იმისთვის, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი. წევრობა ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების გზით. ამ კანონის მიღებით, ჩვენ ვარღვევთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
ანა ნაცვლიშვილი:
როდესაც კანონი ასეთ მძიმე, შეუქცევად ზიანს აყენებს ქვეყანას, მისი არშეჩერება შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ცნობილი შეფასება მართლმსაჯულებისა, რომ გადადებული სამართალი არის წართმეული სამართალი. ამ კანონის მოქმედების გაგრძელება იქნება წართმეული სამართალი მოსარჩელეებისთვის. აქ და ახლაა მნიშვნელოვანი დავიცვათ სიკეთე, რომელსაც იცავს 78-ე მუხლი და კონსტიტუციის არაერთი სხვა ნორმა. ჩვენ ვართ საუკუნის პროცესის მონაწილენი და ამაყი ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ, ამ პროცესში ყველა თვითონ ვირჩევთ საკუთარ როლს. პატივცემული სასამართლოც თვითონ აირჩევს საკუთარ როლს. ეს როლი შეიძლება იყოს ნებისმიერი, გარდა ერთისა – თქვენ ვერ აირჩევთ მოწმის როლს. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იქნება მოწმე იმისა, როგორ ინგრევა კონსტიტუცია და მასთან ერთად, როგორ ანგრევენ სახელმწიფოს. კონსტიტუციის ძალით თქვენ გაქვთ ვალდებულება, იმოქმედოთ. იმოქმედოთ ახლა, მყისიერად.
ქეთევან ერემაძე:
დღეს ეს საქმე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, განუზომლად უფრო მეტია გასაჩივრებული კანონით უკვე გამოწვეული და პერსპექტივაში გამოწვევადი საფრთხეების მასშტაბის და სერიოზულობის გამო. მსგავსი სიმწვავის, ქვეყნისთვის მსგავსი მნიშვნელობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს მისი არსებობის 28 წლის მანძილზე არ განუხილავს. დღეს თქვენ იხილავთ საქმეს, რომელიც შეეხება იმ სახელმწიფოს, იმ ხალხს და საზოგადოებას, რომელიც მორიგ ჯერზე ცივილიზაციური არჩევანის გზაგასაყარზე აღმოჩნდა.
ჩვენი იდენტობა, ისტორია, ტრადიციები, კულტურა, სამართალი, დემოკრატია, თუნდაც ისეთი, როგორიც არის, სამწუხაროდ, ჯერჯერობით საკმაოდ მყიფე და არასრულყოფილი. ეს სიკეთეები დადგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და შესაძლოა, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ნამდვილად არის ეს კანონი.
ამ კანონმა არაფერი ღირებული ამ საზოგადოებისთვის არ შექმნა, ის არ ემსახურება ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს, სამაგიეროდ კი, მან მოახერხა და უკვე გამოიწვია საზოგადოებაში დაპირისპირება.
ეს კანონი არის და კიდევ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი გახდება ძალაუფლების მპყრობელთათვის, საიმისოდ, რომ მათდამი კრიტიკული და ამ ნიშნით მათთვის მიუღებელი საზოგადოების ნაწილის: არასამთავრობო ორგანიზაციების, ცალკეული პირებისგან, მედიებისგან შექმნას მტრის ხატი, მიაკეროს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარის და მაშასადამე, აგენტის, ჯაშუშის იარლიყი და საზოგადოების სამიზნედ დააყენოს. ეს კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობაზე ორიენტირებულია და მიზნად სწორად ისახავს. ჩვენი ამოცანაა, რომ ასეთი შეუქცევადად მძიმე შედეგების თავიდან აცილება შევძლოთ. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა არის, რომ კანონი არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი.
გელა მთივლიშვილი:
მოსარჩელეები, ისევე როგორც სხვა დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, ნებაყოფლობით არ აპირებენ სადავო კანონით განსაზღვრული, შეურაცხმყოფელი, მასტიგმატიზებელი და მადისკრედიტებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ სტატუსის მიღებას და იმ რესპონდენტების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომლებმაც კონფიდენციალობის დაცვით მიაწოდეს საგამოძიებო სიუჟეტებისთვის ან მამხილებელი რეპორტაჟისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოსარჩელეთა მსგავსი ქმედება აუცილებლად გამოიწვევს მათ დაჯარიმებას, რაც თავის მხრივ, აუცილებლად გამოიწვევს ამ ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას ან შეწყვეტას.
ვითხოვ, რომ სადავო კანონის მოქმედება შეჩერდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც შესაძლებელს გახდის იმ ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ კანონის მოქმედებასთან. ამავდროულად, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, კანონის შეუჩერებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კანონის მოქმედების პირობებში დამდგარი ზიანის თავიდან აცილება.
ქრისტინე კუპრავა:
ოთხივე სარჩელს გასდევს ის, რომ კანონის მოქმედებით ისინი სტიგმატიზაციას განიცდიან. თითოეულმა გამომსვლელმა დაადასტურა, რომ მათთვის პრობლემის 1%-ია კანონის ის მუხლები, როგორიც არის ინფორმაციის გამოთხოვა, მონიტორინგი, ჯარიმები და ასე შემდეგ. ცალსახად ადასტურებენ, რომ თუკი არ იქნებოდა ცნება, რომელსაც ისინი თვლიან, რომ არის სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი და რეესტრში რეგისტრაცია არ იარსებებდა, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მათი პრობლემა გადაიჭრებოდა.
გავარკვიოთ რას ნიშნავს სიტყვები “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“. უნდა აღინიშნოს, რომ გასაკვირი იყო მოსარჩელის შუამდგომლობა, როცა ისინი ითხოვენ დაიკითხოს ფილოლოგი, თუ როგორ ესმის საზოგადოებას ეს სიტყვები. ვფიქრობთ, ეს საკითხი დასაფიქრებელია – ერთი რომელიმე სამეცნიერო ნაშრომით ვერ გადავწყვეტთ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ არის თუ არა სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი.
გასაკვირი იყო პრეზიდენტის წარმომადგენლის სიტყვები, რომ მხედველობაში უნდა მივიღოთ შარშანდელი კანონპროექტის ტერმინი, რომელიც კანონად არ იქცა. ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს, რადგან ის დღევანდელ კანონს და დღევანდელ ნორმას აფასებს. როდესაც დეპუტატთა სარჩელზე წარმომადგენელი გამოდიოდა, ამბობდა: – მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არავისთვის არ არის უცხო. “უცხო“ – რა შთაბეჭდილება გვექმნება, დადებითი თუ უარყოფითი? ეს ფრაზა ადასტურებს იმას, რომ ცალკე აღებული ეს სიტყვა რომელიმე მნიშვნელობის მატარებელი არ არის და არის ნეიტრალური.
მაგალითად, ჩვენ ხშირად გავიგონებთ: – რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა… როცა ჩვენ ვამბობთ: – უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ. თუკი კონსტიტუციას ჩავხედავთ, იქაც ვნახავთ “უცხოელები“, “უცხო“, – განაცხადა ქრისტინე კუპრავამ სასამართლო სხდომაზე. პარლამენტის წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში გამოყენებული ტერმინი – “უცხოური ძალა“ არის ფაქტის კონსტატაცია.
„არის თუ არა უცხოური ძალა უცხო სახელმწიფოს შემადგენელი სუბიექტები? როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ უცხოური სახელმწიფოს ხელისუფლების შემადგენელი სუბიექტი ქართული ძალაა? მაგალითად, ლუქსემბურგის მთავრობა საქართველოსთვის უცხოური ძალაა, უცხოა. იგივე საქართველო ლუქსემბურგის მთავრობისთვის არის უცხო. ყველა სახელმწიფოს თავისი სუვერენიტეტი, თავისი ძალა აქვს. გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ლუქსემბურგის მთავრობა საქართველოსთვის უცხო ძალა არ არის.
გადავიდეთ სიტყვაზე “ინტერესი“ – შეიძლება ითქვას, რომ კლასიკაა, უდავოა, რომ ყოველთვის ფულს კონკრეტული ინტერესი მიჰყვება. კომერციულ სფეროში ფულს კომერციის ინტერესი მიჰყვება, სოციალურ სფეროში გადახდილ ფულს – სოციალური ინტერესი და ასე შემდეგ. მარტივი ფორმულაა: – იხდი ფულს იმისთვის, რომ შესაბამისი ინტერესი გაატარო, ხოლო ფულის მიმღები ფულს იღებს და შესაბამის ინტერესს გაატარებს.
ინფორმაციისთვის: რუსულ კანონზე განხივლას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 30 აგვისტოს განაახლებს. აგენტების კანონის ამოქმედების შეჩერების საკითხზე ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული, პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, ასევე, ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების. ოთხივე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო გაერთიანებული წესით განიხილავს.
აქვე დაგაინტერესებთ ⇓
- რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში – რა შანსებია
- რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკები, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ
- რატომ გაურბიან კერძო სკოლების წარმომადგენლები რუსულ კანონზე საუბარს
- რუსული კანონის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება – რას აპირებს რეგიონული მედია