ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა საქართველოში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
დიპლომატიური მისიები „მტკიცედ უარყოფენ“ მათ საქმიანობაზე გაკეთებულ „უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს“ და აცხადებენ, რომ მსგავსი დეზინფორმაცია საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავს და აფერხებს დიპლომატიური საქმიანობის შესრულებას.
„დიპლომატებისთვის, ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან — მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და სრულად შეესაბამება ვენის კონვენციას,“ — აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩოების განცხადებით, ისინი არ უჭერენ მხარს არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და უარყოფენ გავრცელებულ ბრალდებებს ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ.
დიპლომატები ყველა მხარეს მოუწოდებენ, უარი თქვან ძალადობაზე, ხოლო პოლიტიკურ ლიდერებს — თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა მიმართონ დაძაბულობის განმუხტვისკენ.



