გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-დან 31 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-დან 31 ივლისამდე – აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.
როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ცალკეულ რეგიონებში ტემპერატურამ შესაძლოა 38-დან 41 გრადუსამდე მიაღწიოს.
მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკს ზრდის, რის გამოც სააგენტო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. პროგნოზის მიხედვით, საფრთხის დონე საშუალოა.
სპეციალისტები რეკომენდაციას აძლევენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მზეზე ყოფნისგან დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში (12:00-17:00), ატარონ ღია ფერის ტანსაცმელი, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე და ყურადღება მიაქციონ განსაკუთრებით ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სთხოვს, არ გამოიყენონ ცეცხლი ბუნებრივ გარემოში და გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა თავიდან აიცილონ ხანძრის შესაძლო წყაროები.



