„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ახალი, განსაკუთრებით მკაცრი შეზღუდვები დაამატა, რომლებიც არამხოლოდ მსჯავრდებულებს, არამედ მათ ოჯახებსა და ახლობლებსაც ავალდებულებს, პრაქტიკულად მოარიდონ თავი ყველანაირ თანადგომას.
იურისტ ნიკა სიმონიშვილის თქმით, კანონის მიხედვით, მძიმე ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულ პირს ეკრძალება თვეში 520 ლარზე მეტი სარგებლის მიღება – იქნება ეს საცხოვრებელი ფართი, ტრანსპორტი თუ ნებისმიერი სახის მატერიალური დახმარება. ხოლო ვინც ასეთ დახმარებას აღმოუჩენს – მათ შორის ოჯახის წევრი, ნათესავი ან მეგობარი – უკვე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ოფიციალურ განმარტებაში ნათქვამია:
„თუ თაღლითის, მიმთვისებლის, გამფლანგველის ოჯახის წევრები ან მეგობრები გადაწყვეტენ, რომ საკუთარ სახლებში აცხოვრონ, ეს ცალკე დანაშაული იქნება. გადაცემული ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა.“
იურისტი ნიკა სიმონიშვილი აღნიშნულ რეგულაციას სამართლებრივად და ეთიკურად სახიფათო პრეცედენტად მიიჩნევს:
„ეს ნიშნავს, რომ თუკი თქვენ გყავთ ძმა, მამა ან შვილი, რომელმაც ფინანსური დანაშაული ჩაიდინა, მისი სახლში შეშვება – დანაშაულია. საჭმლის მიტანა – დანაშაულია. მანქანის სარგებლობაში გადაცემა – დანაშაულია. მორალური თანადგომა – დასჯადია.“
სიმონიშვილი ამბობს, რომ კანონი კოლექტიური პასუხისმგებლობის ლოგიკას ეფუძნება, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. მისი თქმით, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს შიშზე დაფუძნებული სამართლებრივი რეჟიმი დაამკვიდროს, სადაც არა მხოლოდ ბრალდებული, არამედ მისი წრე სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება.
იურისტები შიშობენ, რომ ამ რეგულაციით სასჯელაღსრულების შემდეგ საზოგადოებაში რეინტეგრაციის ყველა შანსი ნულამდე დაჰყავთ. ამგვარად, სახელმწიფო თავად უბიძგებს მსჯავრდებულებს კვლავ კანონგარეშეობისკენ – რადგან ელემენტარული გადარჩენის რესურსიც კი კრიმინალიზებულია.
კანონის მკაცრი მუხლები, ექსპერტების შეფასებით, მორგებულია ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესზე – ბიძინა ივანიშვილის დავალიანებების ამოღებაზე. თუმცა, რეალობაში ის ათასობით იმ ოჯახს შეეხება, ვინც შესაძლოა, საერთოდ არ ყოფილა დანაშაულში ჩართული, მაგრამ უბრალოდ ნათესავობა ან თანაგრძნობა „დანაშაულად“ ჩაეთვლებათ.



