საქართველოს საზღვრისპირა პროვინციაში მოვაჭრეები მომხმარებლების სიმცირეზე საუბრობენ. მათი თქმით, ქართველები ქემალფაშაში ტანსაცმლისა და პროდუქტების საყიდლად ბოლო წლებში, იშვიათად დადიან.
შექმნილი ვითარების ფონზე, მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი ბიზნესი სტაგნაციას განიცდის. ვიზიტების შემცირებას მეწარმეები სხვადასხვა გარემოებით ხსნიან. კერძოდ, მათი ინფორმაციით, საქართველოში თურქული და ჩინური მაღაზიების სიმრავლეა.
“საქართველოში თურქული მაღაზიები გაიხსნა, ჩინეთიდან კონტეინერებით შემოდის ძალიან იაფი საქონელი, ჩვენთან მოსულები ამბობენ, რომ აქ ფასები იგივეა, რაც საქართველოში. წელს ჩვენი ბიზნესი სტაგნაციას განიცდის. ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ სკოლის დაწყების პერიოდს,” – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე თურქულ მედიასთან საუბრისას.
ინფორმაციისთვის: აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ტანსაცმლისა და პროდუქტის შესაძენად, ქემალფაშაში თითქმის ყოველდღიურად მიდის. საზღვრისპირა სოფელში, ყველაფერი, ადგილობრივ ბაზარზე გაცილებით დაბალ ფასადაა. ხშირი ვიზიტების გამო, სარფის საბაჟოზე ადამიანებს რიგში დგომა, მეტწილად საათობით უწევთ.