ქობულეთში მდებარე რესტორან „ჰავანას“ ირგვლივ სამართლებრივი დავები კვლავაც აქტუალურია. ამჯერად ობიექტის მფლობელი, დავით მოწყობილი, ქობულეთის მერიის მხრიდან დაწერილ ჯარიმებს ასაჩივრებს. მეპატრონე ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა – ჯამში 50 ათასი ლარი – უსაფუძვლოა და სამართლებრივად დაუშვებელი.
ზედამხედველობის სამსახურის ოქმების მიხედვით, „ჰავანას“ ტერიტორიაზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა მხარე ამას კატეგორიულად უარყოფს. მათი თქმით, ზამთარში თოვლის შედეგად რესტორნის სახურავი ჩამოინგრა და ინფრასტრუქტურა თითქმის სრულად განადგურდა.

სხდომის დაწყებისთანავე რესტორნის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიორგი ბეჟანიძის პროცესიდან აცილება მოითხოვა. ხატიაშვილის განცხადებით, ბეჟანიძე პირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმეში და მისი მონაწილეობა მიუღებელია: „ის არ უნდა მონაწილეობდეს პროცესში – ის ამ საქმეში მხარეა და, მეტიც, ახლა საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს.“
შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბეჟანიძე პროცესში მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხება.
სხდომა დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა. ხატიაშვილი მტკიცებულებებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ „ჰავანას“ ტერიტორია თოვლის შედეგად იყო სრულად განადგურებული და ამ ვითარებაში მერიის მიერ დაფიქსირებული „სამშენებლო სამუშაოები“ რეალურად ვერ ჩაითვლება.
შეიძლება ითქვას, რომ ამ პოზიციას სხდომაზე ნაწილობრივ მერიის წარმომადგენელიც დაეთანხმა – მერის მოადგილემ, მინდია რომანაძემ დაადასტურა, რომ ობიექტი მართლაც თოვლმა დააზიანა. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ადგილზე დარღვევა მაინც დააფიქსირა: „თქვენ ამბობთ, რომ ზედამხედველობის სამსახური მივიდა, არაფერი ხდებოდა და ისე დააჯარიმა? ვერ დაგეთანხმებით.“
ამ განცხადებამ მერიაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. ხატიაშვილმა მოითხოვა მერის მოადგილის აცილება, რაც არგუმენტირებულად დაასაბუთა – მისი თქმით, რომანაძე უკვე მხარის პოზიციით გამოდის და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა განხილვაში. მერის მოადგილე თავდაპირველად არ დაეთანხმა სხდომის დატოვებას, თუმცა იურისტის დაჟინებული თხოვნით, რამდენიმე წუთიანი კონსულტაციის შემდგომ, მან სხდომა დატოვა. ის მეორე მოადგილლემ, ლევან გოგიტიძემ ჩანაცვლა.
პროცესის გაგრძელებისას ხატიაშვილმა მორიგი შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა გასვლითი სხდომის ჩატარება „ჰავანას“ ტერიტორიაზე – რათა ადგილზე დადასტურებულიყო, რომ ობიექტის ინფრასტრუქტურა რეალურად დანგრეულია და სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა პოზიცია არ დააფიქსირეს, მათ ტერიტორია უხმოდ დატოვეს. საჯარო განხილვა კი მერიაში გრძელდება.
ქობულეთის მერია ამ ეტაპზე ოფიციალურ პოზიციას არ აფიქსირებს და არც საჯარო არგუმენტაციით გამოდის. შესაბამისად, უცნობია, რას ეფუძნება მათი გადაწყვეტილება ობიექტის ორჯერადი დაჯარიმების შესახებ.
„ეს ან პოლიტიკური დაკვეთაა, ან ფინანსური ინტერესი, ან ვიღაცის უზნეო სურვილი. ანდა პირდაპირ თანამდებობის ბოროტად გამოყენება,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას.
ინფორმაციისთვის: დავით მოწყობილი, რესტორნის მფლობელი, წარსულშიც აცხადებდა, რომ მის ბიზნესზე ზეწოლა ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან ხორციელდებოდა. მისი თქმით, ობიექტის განადგურებით ყოფილი მერი ლევან ზოიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იყვნენ დაინტერესებულნი. თუმცა კონკრეტულ მოტივს არ ასახელებს.
იხილეთ სხდომის სრული ვიდეომასალა ქვემოთ – სადაც დეტალურად შეგიძლიათ მოისმინოთ მხარეთა არგუმენტები და განხილვის პროცესი.
აქვე დაგაინტერესებთ: ⇓
- ქობულეთის ვიცე მერის კლასელისა და კურსელის ოჯახის უკანონო მშენებლობა ცენტრალურ პარკში
- “აჭარა თაიმსის” მასალის შემდეგ ქობულეთის ვიცე მერი გაათავისუფლეს
- კიდევ ორი უნებართვო მშენებლობა ქობულეთში, რომელიც მერიამ ვერ აღკვეთა
- კვების უნებართვო ობიექტი ქობულეთის მერის სამუშაო კაბინეტის წინ
- უნებართვო ობიექტი ქობულეთში – რესტორანი “ქართული ოცნების” შემწირველს ეკუთვნის
- ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვერ სრულდება – მერია კითხვებს გაურბის
- ქობულეთის მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა პროცესის აღკვეთა ვერ უზრუნველყო – აუდიტი
- ქობულეთში კაფეს პლაჟზე ჩასავლელ კიბეზე აშენებენ – უკანონობაზე მერია არ რეაგირებს
- ქობულეთში ქარსაცავი ზოლი სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე გაჩეხეს



