
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, თეატრის დასის შეკრებას მოუთმენლად ელოდება და იმედოვნებს, რომ კოლეგებიც იმავე განწყობით შეიკრიბებიან.
„ერთი კვირაც არ გასულა ოთო ქათამაძის დაკრძალვიდან. ხანდახან მიტოვებულ და გაუბედურებულ მასხარად ვგრძნობ თავს, თითქოს ყველას დავავიწყდი შიშის გამო… შეკრება მოახლოვდა და მჯერა, ჩემი კოლეგები აუცილებლად მოითხოვენ პასუხს იმ უპრეცედენტო საქციელის გამო, რაც ჩვენს თეატრს დაატყდა თავს,“ – წერს კომახიძე.
მსახიობის განცხადებით, განსაკუთრებული ტკივილია ის, რომ თეატრის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა მსახიობის გარდაცვალება გულთან არ მიიტანა:
„საქციელმა დამანახა, „ხელმძღვანელო მედროშეებო“. ნუ მოწამლავთ იმ ჰაერს, რითაც ყველანი ვსუნთქვათ.“
კომახიძე კოლეგებს მოუწოდებს, გაამხნევონ ერთმანეთი და ერთად დაიცვან თეატრი „უნიჭობისგან, უგულობისგან, უყურადღებობისგან, უპატივცემულობისგან და ნგრევისგან“.
„ვაჩვენოთ ყველას, რომ ჯერ არ დაგვვიწყებია ჩვენი კოლეგა, რომ ისევ ერთად ვართ მტრის ჯიბრზე. ეს თეატრი ჩვენია, ჩვენი შვილების და ბათუმელების. არავის მივცემთ უფლებას, რომ თავზე დაგვაქციოს და საქილიკოდ აქციოს თეატრი, რომელმაც წლებს გაუძლო,“ – აღნიშნავს მსახიობი.