
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
1992 წელს დაბადებული ლ. ქ. და 2001 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ი. ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
„ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის ‘მდმა’, ‘ალფა პვპ’, ‘მეთადონი’, ‘გამომშრალი მარიხუანა’ და ‘კანაფი’. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები,“ – აცხადებს შსს.
სამინისტროს ცნობით, დაკავებულების ბრალდებით დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.