
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული სამი ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ერდვათსა და ინწკვირეთში, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ადაძეებში, მოქალაქეებს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი.
ერთ-ერთი საამქროს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია წიწვოვანი ჯიშის 21 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
შემთხვევებზე მოკვლევის მასალები, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა, ვინაიდან აღმოჩენილი ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.