ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაღაზიის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში განიხილებოდა როგორც საზოგადოებრივი სივრცე, სადაც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ელოდნენ, თუმცა გაირკვა, რომ ტერიტორია კერძო პირზეა გასხვისებული და ახლა იქ კომერციული ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

„დასახლებაში 200-მდე ოჯახი ცხოვრობს. აქ ბავშვებს სათამაშო სივრცე არ აქვთ, გზაზე თამაშობენ, რაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ეს ტერიტორია იყო ერთადერთი იმედი, რომ რაიმე რეკრეაციული ინფრასტრუქტურა გაჩნდებოდა. ამის ნაცვლად ახლა მაღაზიას გვიშენებენ“, — აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყდეს მიმდინარე მშენებლობა, გადაიხედოს მიწის გასხვისების საქმე და ტერიტორიას დაუბრუნდეს თავდაპირველი ფუნქცია. მათი მოთხოვნაა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კერძო მესაკუთრეს ალტერნატიული ნაკვეთი შესთავაზოს.
დღეს თამარის დასახლების მცხოვრებლები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაში იმყოფებოდნენ, სადაც შესაბამისი განცხადება დატოვეს. ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან და მმართველი პარტია “ქართული ოცნებისგან” რეაგირებას ითხოვენ.
„მხოლოდ წინასაარჩევნოდ გვიხსენებენ. ახლა ჩვენი მოთხოვნები უგულვებელყოფილია. არ შევწყვეტთ პროტესტს, სანამ არ აღდგება სამართლიანობა“, — აცხადებენ მოქალაქეები.
მიწის მფლობელ კომპანიაში – “ნაზილბეში” – აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას გეგმავენ, რომლის გამოყენებაც ყველას შეეძლება. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მიმდინარე პროტესტის უკან რეალურად ერთი ადამიანი დგას, რომელსაც პირადი ინტერესები ამოძრავებს. კახა ბერიძე ამბობს, რომ ადგილობრივები თავდაპირველად ინვესტიციის განხორციელებას არ ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა დღეს განვითარებულ პროცესს მან მართული უწოდა:
„სიმართლეს არ შეესაბამება ის განცხადებები, თითქოს მოსახლეობა აპროტესტებს ტერიტორიის შესყიდვასა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას. რეალურად, პროტესტის ინიციატორია ერთი პირი, რომელსაც მიმდებარედ უკანონო ბიზნესი აქვს და სურს ტერიტორიის მითვისება. თავდაპირველად ცდილობდა ჩემთან მოლაპარაკების გზით სარგებლის მიღებას, თუმცა ეს ვერ შეძლო და შემდეგ მოსახლეობის მობილიზება დაიწყო. დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი მიწა მოსახლეობას დავუთმეთ, ალტერნატიულ ტერიტორიაზე სტადიონიც ავაშენეთ – მეტი რა გავაკეთოთ? რომ მქონდეს რაიმე ცუდი ზრახვა, ბინებს ავაშენებდი და არა საზოგადოებრივ სივრცეს. ამჟამად ვამზადებთ კონცეფციას, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით დავამტკიცებთ. სივრცე ღობით შემოსაზღვრული არ იქნება – მისი გამოყენება ყველას თავისუფლად შეეძლება. სანამ ამ მიწას შევიძენდი, ტერიტორია ეკალ-ბარდით იყო დაფარული. აქამდე ხელისუფლება გვეუბნებოდა, დროებით შეგვეჩერებინა მშენებლობა და მოლაპარაკების გზით გაგვეგრძელებინა პროცესი. თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა და კომპანია ყოველდღიურად ზარალდება – გვაქვს საბანკო ვალდებულებები. შესაბამისად, გადავწყვიტეთ მშენებლობის გაგრძელება,“ – განაცხადა კახა ბერიძემ.
აჭარის არალეგიტიმური მთავრობა ჩვენთან არ თანამშრომლობს, შესაბამისად უცნობია რა პოზიცია აქვთ მათ.



