
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი არ იმყოფებოდა. უმრავლესობას ერთ-ერთი წევრი, ლევან ბერიძე აკლდა, თუმცა ეს გარემოება სხდომის ჩავარდნის მიზეზი არ გამხდარა.
საკითხების განხილვის პროცესში დარბაზში პარტია „ახალის“ წევრი მამუკა ქობულაძე იმყოფებოდა, რის გამოც ქვორუმი შედგა და საკრებულომ მუშაობა დაიწყო.
მოგვიანებით ქობულაძემ სხდომა დატოვა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ მომხსენებელს სიტყვა შეაწყვეტინა და შესვენება გამოაცხადა. შესვენების მიზეზი ირაკლი თავდგირიძემ არ განმარტა. რამდენიმე წუთის შემდეგ სხდომას უკვე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ბერიძე ესწრებოდა და მუშაობა განახლდა.
„გაუგებრობაში მოვყევი. მეგონა იმ დროს ჩემი ორი კოლეგაც იყო ოპოზიციიდან. არ დავკვირვებივარ, იყო თუ არა ქვორუმი. სამწუხაროდ გარკვეული პერიოდი დავრჩი და როცა გავიაზრე, რომ ქვორუმს მე ვუქმნიდი უმრავლესობას, ამიტომ დავტოვე სხდომა,“ – განაცხადა აჭარა თაიმსთან საუბრისას მამუკა ქობულაძემ.
ინფორმაციისთვის: ბათუმის საკრებულო სულ 35 წევრისგან შედგება. სხდომის ჩატარებისთვის აუცილებელია ქვორუმი, რაც ნიშნავს, რომ დარბაზში მინიმუმ სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დეპუტატი უნდა იმყოფებოდეს. შესაბამისად, სხდომის გახსნა და გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა საკრებულოს მინიმუმ 18 წევრი ესწრება.
რაც შეეხება დღის წესრიგს – მისი ფორმირება რეგლამენტითა და წინასწარი შეთანხმებით ხდება და არ არსებობს კანონით განსაზღვრული კონკრეტული მინიმალური რაოდენობა საკითხებისა, რომლებიც სავალდებულოდ უნდა შევიდეს დღის წესრიგში. საკრებულოს თავმჯდომარე ან ბიურო ადგენს დღის წესრიგს, ხოლო საბოლოოდ მას დეპუტატები ამტკიცებენ სხდომაზე.