
ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით 3 კილოგრამი კოკაინი, 13 000-მდე ექსტაზის აბი და მნიშვნელოვანი რაოდენობით ჰეროინი ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ, ბათუმში მოქმედ ღამის კლუბებში იყო დაგეგმილი, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის სერიოზულ საფრთხეს შექმნიდა.
მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული რ.ს. და 2004 წელს დაბადებული მ.ვ. მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში და ნარკოდანაშაულში დახმარებაში.
ნარკოტიკები ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაქირავებულ ბინაში ჩხრეკისას აღმოაჩინეს. ასევე ამოღებულია კოკაინით, ექსტაზით და სხვა ნივთიერებებით დატენილი ბურთულები, ასევე – ნარკოტიკების დაფასოებისათვის საჭირო ინვენტარი. ერთ-ერთი დაკავებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ბათუმში მდებარე კონკრეტული ლოკაციების ფოტოსურათები, რომლებიც სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იყო შერჩეული.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 18-260-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.