ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბ. ო. და 1993 წელს დაბადებული მ. ბ. – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს.
„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეზე უკანონოდ, ფულის სანაცვლოდ, ჯგუფურად გაასაღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა,“ — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო იარაღი, საბრძოლო მასალა და თანხა.
დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



