„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ, ბათუმიში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხეების მოჭრის ფაქტზე პასუხისმგებელი კომპანია დააჯარიმეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას ათამდე ხე უკვე მოჭრილი იყო და პროცესი კვლავ გრძელდებოდა. შემთხვევის ადგილიდან „აჭარა თაიმსი“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა ადგილობრივთა პროტესტს, რის შემდეგაც სამუშაოები შეჩერდა.
„ქართული ოცნების“ ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ ხეების მოჭრის გამო შპს „ბონდი-2009“ 1000 ლარით დააჯარიმეს. პარალელურად კი, საკითხზე მოკვლევა დაიწყო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
„შპს „ბონდი-2009“-ის მიერ ბათუმში, მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში გამოვლინდა უნებართვოდ ხეების მოჭრის ფაქტი. მიმდინარე წლის 20 თებერვალს, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, კომპანია დაჯარიმდა საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ 1000 ლარის ოდენობით. კომპანიასთან გაფორმებულ N45 ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, კონტრაქტორი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი უწყებების ნებართვები, რომლებიც ეხება სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებულ გზის შეზღუდვას, ხეების მოჭრასა და მწვანე საფარის რეკონსტრუქციას. ამავე ხელშეკრულების 7.2 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და პირობების სრული დაცვა,“ – წერილობით გვიპასუხეს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერიაში.
გარდა ამისა, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი კერძო კომპანიის მოთხოვნით, ტროტუარის შევიწროების ხარჯზე საპარკინგე ადგილის მოწყობა იგეგმება, რასაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ტროტუარი განიერია, ხოლო იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს, მისი შემცირება იგეგმება.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უკანონოა და საზოგადოებრივი სივრცე არ უნდა შეეწიროს კერძო ინტერესებს. რაც შეეხება აღნიშნულ მონაკვეთზე ტროტუარის შევიწროების მცდელობას – მერიაში განაცხადეს, რომ:
„ტროტუარი არ მცირდება, საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოცულობებითა და სტანდარტით მოეწყობა. რაც შეეეხება პარკირებას, ეს არის საერთო, საზოგადოებრივი პარკირება, რომლითაც ასევე ისარგებლებს მიმდებარედ არსებული საჯარო სკოლა“



