
საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო ორგანულ კანონში – „საერთო სასამართლოების შესახებ“ და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებების პაკეტის განხილვა. ცვლილებები არაერთ ფუნდამენტურ საკითხს ეხება, მათ შორის სასამართლო სხდომების გაშუქებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოსამართლეთა მივლინებებსა და სასამართლო აქტების საჯაროობაზე ხელმისაწვდომობას.
სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარად მნიშვნელოვან საკითხებზე დაჩქარებული წესით მსჯელობა გამორიცხავს საზოგადოების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების სრულფასოვან ჩართულობას, რაც აზიანებს დემოკრატიულ საკანონმდებლო პროცესს.
ომბუდსმენის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ძალადაკარგულად ცხადდება სასამართლო სხდომებზე მედიის მუშაობის ამჟამად მოქმედი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა საქმის საჯარო განხილვას და გამჭვირვალობის პრინციპს. კანონპროექტი 2007-2013 წლებში მოქმედ ნორმებს აბრუნებს, რომლის მიხედვითაც აკრძალული იყო სასამართლო პროცესის ფოტო, ვიდეო და აუდიოგადაღება, თუ ეს არ ხდებოდა სასამართლოს ან მისი უფლებამოსილი პირის ინიციატივით.
„აღნიშნული ცვლილებები სერიოზულად გააუარესებს როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მნიშვნელოვნად შეზღუდავს მედიას პროცესის გაშუქების შესაძლებლობაში,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, არ განიხილოს ცვლილებების პაკეტი დაჩქარებული წესით და პროცესის გაგრძელება უზრუნველყოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით, რაც საზოგადოებრივ ჩართულობას და დემოკრატიული პროცესის ხარისხს გააძლიერებს.