ბათუმში, სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ფილიალის შენობასთან, ცხოველთა უფლებადამცველებმა და ცხოველთმოყვარულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, სახელმწიფო უწყება მიუსაფარი ძაღლების მიმართ არაჰუმანურ მეთოდებს იყენებს.
აქციის მონაწილეების თქმით, ღამით ძაღლებს ძალადობრივი გზით აკავებენ და თითქოს კასტრაციისა და სტერილიზაციის მიზნით სხვა მუნიციპალიტეტებში გადაჰყავთ. მათი მტკიცებით, ხშირად მიჰყავთ ის ცხოველებიც, რომლებმაც უკვე გაიარეს ყველა საჭირო ვეტერინარული პროცედურა.
უფლებადამცველები მიუთითებენ მიუსაფარი ძაღლების გაუჩინარების შემთხვევებზე და ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას, არამედ მათ რაოდენობის ძალადობრივ შემცირებას.
„უვიცთა ბანდა დაჯდა და ეტყობა მოილაპარაკეს ასე ვქნათ, ისე ვქნათ,“ — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ საპროტესტო აქციაზე.
ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვენ, რომ სახელმწიფო უწყებებმა იმოქმედონ მათთან შეთანხმებით და დროულად გასცენ პასუხები მათ კითხვებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში უარყოფენ ბრალდებებს და განმარტავენ, რომ სახელმწიფო პროგრამა მიმართულია მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, პროგრამა ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ვეტერინარულ პროცედურებს.
“კუპატას” სახელობის თავშესაფარი შესაძლოა ჩაქვში აღარ აშენდეს, უცნობია პროექტის დაწყების ვადებიც



