ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში მოეწვია მისია, ხელს უშლის სრულფასოვან მონიტორინგს.
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ODIHR-ს არ ექნება არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის შესაძლებლობა,“ – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა მარია თელალიანმა.
მისი თქმით, „გამჭვირვალე და სანდო არჩევნების დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად.“
თელალიანის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ეუთო/ოდირი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს „ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად.“
საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირი 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად 6 სექტემბერს მოიწვია. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ.“
ODIHR-ის ცნობით, ორგანიზაციამ ხელისუფლებას არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის აუცილებლობაზე, რადგან ჩვეულებრივ, მისი გრძელვადიანი დამკვირვებლები ქვეყანაში არჩევნებამდე 6-8 კვირით ადრე ჩადიან, რათა მონიტორინგი არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში განხორციელდეს.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველომ ვალდებულება აიღო, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„მიუხედავად იმისა, რომ ODIHR-ი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელსაც არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ODIHR იხსენებს, რომ წარსულში საქართველოდან დროული მოწვევები მიღებული ჰქონდა 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლების ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებისთვის, რაც ორგანიზაციას ეფექტური მზადების საშუალებას აძლევდა.



