
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე — 1978 წელს დაბადებული ნ.გ., 1989 წელს დაბადებული ო.ქ. და 1998 წელს დაბადებული ო.თ. — თბილისში და ბათუმში დააკავეს. ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
გამოძიების მიხედვით, ო.ქ. თურქეთის სამართალდამცველებს ნარკოტიკული და მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ბრალდებით ჰყავდათ ძებნილი. ნ.გ.-ს ბრალად ედება ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთა. რაც შეეხება ო.თ.-ს, იგი ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამივე პირი საქართველოში მაშინ შემოვიდა, როცა მათ მიმართ საერთაშორისო ძებნა ჯერ კიდევ გამოცხადებული არ იყო. პოლიციის ინფორმაციით, ო.ქ. თბილისში დააკავეს, ხოლო ნ.გ. და ო.თ. — ბათუმში. მათ მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.