ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატულ თეატრს ტოვებს – ინფორმაცია „აჭარა თაიმსს“ თავად ქანთარიამ დაუდასტურა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ოფიციალურად ორ დღეში გახდება ცნობილი.
„მთავრობასთან შევთანხმდი, ყველაფერს ოფიციალური სახე ორ დღეში მიეცემა. ჯერ არ ვახმაურებთ და გირჩევთ, არ დაწეროთ,“ — განაცხადა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას.
ნუკრი ქანთარიამ გადაწყვეტილების დეტალებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.
ინფორმაციისთვის: ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებმა სამხატვრო ხელმძღვანელს ულტიმატუმი წაუყენეს და დაუმორჩილებლობა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ნუკრი ქანთარია ამავე თეატრის მსახიობის გარდაცვალების შემდეგ სამძიმარზე არ მივიდა. ქანთარიას ოთო ქათამაძის გარდაცვალების ფაქტზე არც სამძიმრის წერილი დაუწერია.
ცნობისთვის: ამ ფაქტის შემდეგ თეატრის მსახიობებმა პროტესტი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ მას მორალური უფლება აღარ აქვს თეატრში მუშაობა გააგრძელოს.
პასუხგაუცემელი კითხვები და ჩაშლილი შეხვედრა — ბათუმის დრამატულ თეატრში კონფლიქტი გამწვავდა



