
მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გახდა, რომ „არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.
„გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პარტიებს შორის არის „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს. მიუხედავად ამისა, კონკურენტული გარემო მათ პატიმრობის შემთხვევაშიც იქნებოდა უზრუნველყოფილი. თუმცა, მიუხედავად ყველა გარემოებისა, გადავწყვიტე მათი შეწყალება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ყაველაშვილის თქმით, არჩევნები არ უნდა იქცეს „ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის“, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია პოლიტიკური პროცესის თავისუფალი და კონკურენტული გარემოს შესანარჩუნებლად.
„ვიმედოვნებ, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ და ჯანსაღ გარემოში ჩატარებას,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.