
2022-2024 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 309 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, თუმცა მხოლოდ 40 შედგა, დანარჩენი 266 კი მონაწილეთა არარსებობის გამო ჩაიშალა. 3 აუქციონი თავად სამინისტრომ შეწყვიტა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევით ირკვევა, რომ გამართული 40 აუქციონიდან 28 უკონკურენტოდ ჩატარდა, სადაც მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. სწორედ ასეთ აუქციონებში გამარჯვებულ კომპანიებთან უკავშირდება მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველების სახელი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელებმა და დირექტორებმა „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა დროს ჯამში 1,050,000 ლარი შესწირეს. ამავე კომპანიებმა სახელმწიფოსგან 15,023,700 ლარის ღირებულების ქონება შეიძინეს, უმეტესად მინიმალური ფასნამატით.
კვლევამ აჩვენა, რომ უკონკურენტო აუქციონებზე გატანილი ქონებების საწყისი ღირებულება იყო 55,040,500 ლარი, თუმცა ვაჭრობის შედეგად ფასმა მხოლოდ 1,176,700 ლარით მოიმატა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რამდენიმე აუქციონზე:
-
შპს „აგრო გრინმა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილი „ქართული ოცნების“ შემწირველია, ქობულეთში 62,220 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 22,768 კვ.მ შენობა 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინა.
-
შპს „ფასად სისტემამ“ უკონკურენტოდ მოიგო 48,772 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მისი დირექტორის ბიზნესპარტნიორი ზაურ ფუტკარაძეა, რომლის შვილი, ჯაბა ფუტკარაძე, ამ წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო და სწორედ ის მართავდა აუქციონებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხაზს უსვამს, რომ კონკურენტულ გარემოში ჩატარებულ აუქციონებზე ქონება საწყის საპრივატიზაციო ფასთან შედარებით თითქმის ორჯერ ძვირად გაიყიდა, მაშინ როცა პარტიის შემწირველთა მიერ ნაყიდი ქონება უმეტესად საწყისი ფასის მინიმალური ზრდით გადაეცა.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს პრივატიზაციის პროცესში შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და ინტერესთა კონფლიქტის რისკებზე.