
ილუსტრაცია: ანა ჯანელიძე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის მორიგი განხილვა. პროცესს მოსამართლე ნინო სახელაშვილი თავმჯდომარეობდა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, რის შედეგადაც საქმეს დაემატა სამედიცინო ექსპერტის დასკვნა. ეს ნიშნავს, რომ დაცვის მხარეს შესაძლებლობა ექნება, დაკითხოს ექსპერტი, რაც ადვოკატების თქმით, მნიშვნელოვანია ბრალდების უარმყოფელი გარემოებების დასადგენად.
მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ, სხდომაზე მოსამართლეს ასევე სთხოვა, საქმეს დაურთოს “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის ვიდეოკომენტარი, რომელიც მან ამაღლობელის შესახებ გააკეთა. ქათამაძის განცხადებით, წილოსანის გამოკითხვაც მნიშვნელოვანია საქმის ობიექტურად გასარკვევად.
სხდომაზე მოწმის სახით დღეს გამოიკითხნენ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე, და ასევე ეკატერინე დავითაძე. ეთერ თურაძემ, რომელიც არაერთი გახმაურებული პოლიტიკური საქმის მონაწილე და მოწმე იყო წარსულში, თავის სიტყვაში თქვა:
„აბაშიძის დროს ამ დარბაზში მივეცი ჩვენება ასლან აბაშიძის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. ამ დარბაზში მივეცი ჩვენება სააკაშვილის დროს კუდ-ის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ დარბაზში მივცემ ჩვენებას ირაკლი დგებუაძის და გრიგოლ ბესელიას წინააღმდეგ.“
ინფორმაციისთვის: მასალაზე მიმაგრებული უნდა იყოს პროცესის ამსახველი ფოტო, თუმცა სხდომაზე ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება შეზღუდულია. რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი “ქართული ოცნებაა”.
ცნობისთვის: სასამართლო პროცესებზე ფოტოსა და ვიდეოს გადაღება წინა ხელისუფლების პერიოდშიც შეზღუდული იყო.
გარემოება: საიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
კონტექსტი: მზია ამაღლობელი დაკავებულია ინციდენტზე, რომელიც სილას გაწვნის ფაქტს უკავშირდება, თუმცა პროკურატურა საქმეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით იძიებს. უფლებადამცველების განმარტებით, კონკრეტული ქმედება – სილას გაწვნა, რომელსაც არ მოჰყოლია ფიზიკური ზიანი ან რაიმე სახის დაზიანება, არც თავდასხმის და მით უმეტეს, არც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში არ უნდა ხვდებოდეს.