საქართველოს პროკურატურამ მომხდარ ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს თბილისში ძიძამ 1 წლისა და 6 თვის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა. გამოძიების მასალებით დადასტურდა, რომ მცირეწლოვანს მიღებული აქვს ფიზიკური ტკივილი.
ბრალდებულს წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით — არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ცემის ფაქტზე, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის წინადადების საფუძველზე სასამართლომ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.



