შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე სენტ-კიტსი და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „ANNA ROSE“ დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც სირიის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყეს. საქმე აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე¹ მუხლის 1-ლი¹ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც ნაოსნობის წესების დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ, გემს საქართველოს ტერიტორიული წყლებიდან გასვლისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.



