შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო დღეებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგებს ასაჯაროებს. უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია.
ოპერაცია გაიმართა თბილისში, კახეთში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების მონაწილეობით.
გამოძიების ინფორმაციით:
-
დაკავებულები ბრალდებულნი არიან დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციაში;
-
დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას;
-
ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ისინი ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა სქემით ახორციელებდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია:
-
სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები;
-
დაფასების მასალები;
-
სავარაუდოდ რეალიზაციით მიღებული თანხა;
-
ბრალდებულების მიერ ნაჩვენები ადგილებიდან — დამატებითი ნარკოტიკული ნივთიერებები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით.



