
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მაია ცეცხლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელ ნუკრი ქანთარიასთან ურთიერთობის პრობლემებზე საუბრობს და პროცესში აჭარის მთავრობის ჩარევას ითხოვს.
მისი თქმით, ქანთარიას მხრიდან თეატრის დატოვების საკითხი პრობლემურია და ამის ნაცვლად, დასის წევრებს სამინისტროში წერილის დაწერა შესთავაზეს.
„რატო გახდა ასეთი რთული ნუკრი ქანთარიასთვის ამ თეატრის დატოვება?! რატო გვკარნახობს თავად დავწეროთ წერილი სამინისტროში და იგივეს გვთავაზობს სამინისტრო პირადი შეხვედრების დროს?! აქ ხომ არ არის მცდელობა გადაგვიყვანონ თავდაცვის რეჟიმში?!“ – წერს ცეცხლაძე.
მსახიობის თქმით, პრობლემები ფინანსურ საკითხებს არ უკავშირდება:
„ჩვენ ამ თემებით დავაში არ შევსულვართ, არც დავინტერესებულვართ. გვჯერა, რომ 10 000 ხელფასიანი ქანთარია ფინანსურადაც არ ძარცვავს თეატრს. თემები, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, შემოქმედებითია და მისი ხისტი, ვითომ უკომპრომისო ხასიათი, რომელიც ფსიქიკურ პრობლემას უფრო ჰგავს.“
მაია ცეცხლაძე განცხადებაში ხელისუფლების ჩარევის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს:
„მე არ ვარ დიდი პერსონა, რომ ყველა კითხულობდეს ჩემს პოსტებს და ამაზე რეაგირებდეს, მაგრამ უმორჩილესად ვთხოვ აჭარის მთავრობას, ჩაერთოს ამ პროცესში და არჩევანი გააკეთოს 35 მსახიობსა და ნუკრის შორის. ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ ადამიანთან ბრძოლაში.“
პასუხგაუცემელი კითხვები და ჩაშლილი შეხვედრა — ბათუმის დრამატულ თეატრში კონფლიქტი გამწვავდა