საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ ორგანიზაციის 31-წლიანი არსებობის განმავლობაში, პირველად ვერ მოახერხებს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ტრადიციული სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას.
საიას განცხადებით, მიმდინარე არჩევნები ტარდება „საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში“.
ორგანიზაცია მიზეზებად ასახელებს:
- დემოკრატიის უკუსვლას ქვეყანაში;
- სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ გატარებულ რეპრესიულ პოლიტიკას;
- შემზღუდავი კანონების მიღებას;
- საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლების სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესებას;
საიას შეფასებით, აღნიშნული გარემოებები შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და პერიოდულად წარადგენს საზოგადოებისთვის მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებებს.



