საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 979 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 47 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი ნივთიერება, რომელსაც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოიტანა ქვეყანაში. სამართალდამცველებმა ნივთიერებები ბრალდებულისგან ამოიღეს.
ბრალდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.



