
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღა დაადო. პროკურატურის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებს.
პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წელს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციები ძალადობრივ ხასიათს ატარებდა. უწყების ცნობით, ოპოზიციური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მოწოდებების შედეგად, აქციები მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიების ვერსიით, აქციის მონაწილეებმა შსს წარმოამდგენლებს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, გამოიყენეს პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“ და სხვა ცეცხლგამჩენი ნივთიერებები. მათ შორის, ცეცხლი წაეკიდა პარლამენტის შენობასა და პოლიციის ტექნიკას, ასევე დაზიანდა სახელმწიფო და კერძო ქონება.
პროკურატურა აცხადებს, რომ მონაწილეთა აღჭურვა სპეცსაშუალებებით არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით ხდებოდა. საუბარია შემდეგ ორგანიზაციებზე: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
უწყების ცნობით, აღნიშნული ორგანიზაციები საზოგადოებას ღიად მოუწოდებდნენ დაუმორჩილებლობისკენ, მათი ფინანსები კი მიმართული იყო სამართალდამრღვევი პირების მხარდაჭერისთვის, მათ შორის – ჯარიმებისა და იურიდიული ხარჯების გასასტუმრებლად.
პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მათი სახსრები არამიზნობრივად გამოიყენებოდა, სასამართლომ 27 აგვისტოს მათ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიიღო.