
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარებით იძებნებოდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულთაგან 8 პირი საქართველოში იმ პერიოდში შემოვიდა, როდესაც მათზე საერთაშორისო ძებნა ჯერ კიდევ გამოცხადებული არ იყო, ხოლო 4 პირი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა.
დაკავებულები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში არიან ბრალდებულნი, მათ შორის – დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში (მცირეწლოვანის მკვლელობის ჩათვლით), მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და მასში მონაწილეობაში, გამოძალვაში, ქურდობაში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობაში, ნარკოდანაშაულში, დოკუმენტების გაყალბებასა და თაღლითობის 178 ეპიზოდში.
“სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებები ხანგრძლივად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს შსს, გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თურქეთის ინტერპოლის ბიურო, ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები და საქართველოში თურქეთის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები. ამჟამად დაკავებულთა მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,” – წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.