
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში და მოიცვა ქვეყნის მთლიანი ტერიტორია, ოკუპირებული რეგიონების გარდა.
“აღწერაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოსახლეობამ – როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა. აღსანიშნავია, რომ აღწერის კრიტიკული მომენტი 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი იყო – ყველა მონაცემი სწორედ ამ მომენტის რეალობაზე დაფუძნებით იქნა შეგროვებული,” – ამბობენ საქსტატში.
პირველ ეტაპზე (14-23 ნოემბერი) მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეევსოთ კითხვარები ინტერნეტის საშუალებით;
მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე) კი აღწერა კომპიუტერის მხარდაჭერით ინტერვიუს ფორმატში განხორციელდა.
მოსახლეობის მაღალი ჩართულობის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის ვადა დეკემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა.
“მაღალმთიან რეგიონებში აღწერა შედარებით ადრე – სექტემბერში ჩატარდა, რათა მოსალოდნელმა ამინდმა საველე სამუშაოების განხორციელებას ხელი არ შეუშალოს. ეს ეხებოდა მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ახმეტის (ომალოს), დუშეთისა და ფასანაურის რეგიონებს,” – წერია დოკუმენტში.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 914 ათას ადამიანს.
- ქალების რაოდენობა: 2 078 ათასი (53%)
- კაცების რაოდენობა: 1 836 ათასი (47%)
ქალების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია თბილისში (56%) და ქუთაისში (55%), ხოლო შედარებით დაბალი – მცხეთაში, ხარაგაულსა და საგარეჯოში (49%).
ქვეყნის მოსახლეობის 62 პროცენტი ქალაქებში ცხოვრობს – ეს ნიშნავს, რომ ქალაქებში ცხოვრობს 2 423 ათასი, ხოლო სოფლებში – 1 491 ათასი ადამიანი.
ქალაქში ცხოვრების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც დიდწილად ქალაქ ბათუმის დემოგრაფიული წონითაა განპირობებული. სოფლის მაცხოვრებელთა მაღალი წილი შეინიშნება მცხეთა-მთიანეთში (80%), კახეთში (79%) და რაჭა-ლეჩხუმში (76%).
მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი კვლავ დედაქალაქში ცხოვრობს – თბილისის წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში 34 პროცენტს შეადგენს.
მოსახლეობის სიმრავლით მეორე ადგილზე იმერეთია (12.9%), მესამეზე კი ქვემო ქართლი (11.2%).
სტატისტიკის ეროვნული სამსახური გეგმავს, რომ მოსახლეობის აღწერის დეტალური შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდეს. მაშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სიღრმისეული მონაცემები, როგორიცაა:
- საცხოვრებელი პირობები და ინფრასტრუქტურა;
- დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლები;
- განათლების დონე, დასაქმება, ჯანმრთელობის მდგომარეობა;
აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დეტალები – მიწის ფართობი, კულტურების სტრუქტურა, პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობა და სხვ.