1 ნოემბრიდან ძალაში შევა ცვლილებები, რომლებიც საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს პარალელური სამუშაოს შესრულებას ზღუდავს. იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების მორიგი კეთილშობილური კანონი“ საჯარო მოხელეების საქმიანობის თავისუფლებას მნიშვნელოვნად ამცირებს და პრაქტიკაში ხელისუფლებისადმი ლოიალურ ადამიანებს აძლევს უპირატესობას.
სიმონიშვილის თქმით, ცვლილებების თანახმად, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ მისი ხელმძღვანელის ერთჯერადი, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობით შეეძლება. ანალოგიური წესი ვრცელდება კერძო სექტორში დასაქმებაზეც – საჯარო მოხელეს პარალელური სამუშაოს დაწყება მხოლოდ ხელმძღვანელის ნებართვით შეუძლია.
საჯარო სექტორში პარალელური დასაქმება მთლიანად იკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შესაძლებლობა მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული.
კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, პარლამენტისა და მთავრობის წევრებისა) არ აქვს უფლება, შეასრულოს რაიმე ანაზღაურებადი სამუშაო. გამონაკლისად მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა განისაზღვრა, თუმცა ეს უფლება ასევე მხოლოდ ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე გაიცემა – ერთჯერადად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. გარდა ამისა, საჯარო მოხელეს აკადემიური თანამდებობის დაკავებაც მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვით შეეძლება. ხელმძღვანელს თანხმობის გასაცემად 10-დღიანი ვადა აქვს, ხოლო უარის შემთხვევაში თანამშრომელს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუმცა „გასაჩივრება არ აჩერებს გადაწყვეტილების მოქმედებას,“ – ნათქვამია კორუფციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებაში.
კანონის მიხედვით, საჯარო მოხელე, რომელიც ახალ წესებს დაარღვევს, საჯარო სექტორში დაკავებულ ყველა თანამდებობას დაკარგავს და ორი წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს სახელმწიფო სტრუქტურებში. ამასთან, დარღვევის შემთხვევაში პირი ვალდებულია, შესაბამის დაწესებულებას გადაუხადოს მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობის თანხა.
ცვლილებებს ხელი 29 ოქტომბერს მოაწერა „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნებa“ ამ ცვლილებებით საჯარო სექტორზე კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას ცდილობს:
„მოკლედ, ოცნებისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს ორი ან მეტი სამსახურის ქონა შეეძლებათ, ვინც პარტიას არ უერთგულებს – ერთ სამსახურზე მეტს არ აღირსებენ, ხოლო თუ შავ სიაში მოხვდებიან, სამსახურიდანაც მარტივად გაუშვებენ, თანაც ისე, რომ ფულს აქეთ მიატანინებენ,“ – წერს იურისტი.



