„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას ისახავს მიზნად. უწყების განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში მანქანების რაოდენობის ზრდამ და მობილობის ინტენსივობამ საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აქცია.
სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება ან მძიმედ ზიანდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. სამინისტროს შეფასებით, არსებული ვითარება მოითხოვს სანქციური პოლიტიკის მკვეთრ გამკაცრებას და იმ დარღვევების გადახედვას, რომლებიც ტრაგედიების მთავარ მიზეზად რჩება.
ცვლილებებით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, ქულათა სისტემა მკაცრდება და რიგ დარღვევებს ახალი კვალიფიკაციაც ემატება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ცვლილებები:
-
მანევრირების წესების დარღვევა – ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე, ხოლო მძღოლის ქულათა რაოდენობა უკლებს 20 ქულით.
-
სიჩქარის გადაჭარბება 15-40 კმ/სთ დიაპაზონში – სანქცია 50-დან 100 ლარამდე იზრდება.
-
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – ჯარიმა 50 ლარი, ქულათა დაქვითვა – 10 ქულა.
-
მობილურით სარგებლობა მართვის დროს – ჯარიმა 50 ლარამდე.
-
დგომა-გაჩერების წესების დარღვევა – თბილისის მსგავსად, ჯარიმა 50 ლარი გახდება ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, გორში და კურორტებში.
-
„BUS LANE“-ის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა – ახალი დარღვევა, ჯარიმა 200 ლარი.
-
ტროტუარსა და ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება – ახალი დარღვევა, ჯარიმა 100 ლარი და საჭიროების შემთხვევაში მანქანის ევაკუაცია.
შსს-ის განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს საგზაო წესების გამკაცრებით საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას და სტრატეგიულად იმ მიმართულებების გაკონტროლებას, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც მაღალი რისკების კატეგორიად ითვლება.



