
კოალიცია „ძლიერი საქართველო“, ოფიციალურად აცხადებს მონაწილეობას 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს. კოალიციის გადაწყვეტილება დღეს, 4 ივლისს, ბრიფინგზე გააცნო ირაკლი კუპრაძემ.
მისი თქმით, არჩევნებში ჩართვა მათი მხრიდან დამატებითი ფრონტის გახსნაა მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მათ შეფასებით, „რუსულ რეჟიმად“ და დე-ფაქტო ხელისუფლებად აღიქმება.
„კოალიცია ძლიერი საქართველო აკეთებს თავის განაცხადს. ოფიციალურად და დეკლარირებულად ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ვიბრძვით დიქტატურისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კუპრაძემ.
კუპრაძემ მიმართა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, მოუწოდა მათ თანამშრომლობისა და კოორდინირებული ბრძოლისკენ და განაცხადა, რომ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების გარეშე რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია.
„პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის სტრატეგიას, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. მზად ვართ სრული ჩართულობისთვის, პროტესტისთვის, ქუჩის აქტივიზმისთვის. ამ ბრძოლას გავაძლიერებთ“, – განაცხადა კუპრაძემ.
კოალიციის ლიდერის თქმით, მათთვის 4 ოქტომბრის არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევის პროცესზე ბევრად მეტია:
„დანაშაულია ამ არჩევნების მხოლოდ ადგილობრივად წარმოჩენა. ეს იქნება დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი განაჩენი გამოუტანოს რეჟიმს.“
კუპრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოალიცია მზად არის რეპრესიებისა და შესაძლო პოლიტიკური დევნისთვის. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის კოალიციის ოთხი წარმომადგენელი იმყოფება პატიმრობაში — მათ შორის არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
„არ ვაპირებთ ერთი გოჯი თავისუფლების დათმობას – არც თბილისში, არც რეგიონებში. ბრძოლის შეჩერება არ იქნება, რადგან ციხეში მყოფი ჩვენი ადამიანები იქ არიან მხოლოდ იმის გამო, რომ არ დანებდნენ და იბრძოლეს“, – განაცხადა კუპრაძემ.
ბრიფინგზე მისი მთავარი გზავნილი იყო ერთიანობისკენ მოწოდება და მოქალაქეების მობილიზაცია. მისი თქმით, კოალიცია მზად არის „პროტესტისა და საარჩევნო წინააღმდეგობის საერთო ფრონტის“ შესაქმნელად.