
ქობულეთში, მდინარე აჭყვას ადიდების შედეგად, ცენტრალური ბაზრის ტერიტორია და მიმდებარე არეალი დაიტბორა. მოვაჭრეების ნაწილი პროდუქციის დაზიანებასა და ფინანსურ ზარალზე საუბრობს.
გარდა ამისა, წყლით არის დაფარული ის ადგილიც, სადაც სოფლების მიმართულებით ავტობუსები ჩერდებიან, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილებას ართულებს.
ქობულეთელები ამბობენ, რომ მდინარე აჭყვა თითქმის ყოველწლიურად ზარალს აყენებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ბაზრის ადმინისტრაციას. მათი თქმით, პრობლემა მდინარის კალაპოტის მოუწესრიგებლობას უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება წლების განმავლობაში აჭყვას რეაბილიტაციის დაპირებას იძლევა, კალაპოტის გაწმენდა და მოწესრიგება ამ დრომდე ბოლომდე არ განხორციელებულა.