
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კერძო საოჯახო სასტუმროში, დასასვენებლად ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, დღის საათებში მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, სასტუმროს ნომერში, სადაც დაზარალებული ოჯახთან ერთად ისვენებდა, ქეშად ინახებოდა დაახლოებით 24 ათასი ამერიკული დოლარი და 9 ათასი ლარი. დაზარალებულის თქმით, თანხა ნომერში დარჩა, ხოლო თავად ზღვის სანაპიროზე იმყოფებოდა. დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ სხვა ნივთები ადგილზე იყო, ხოლო თანხა მოპარული.
„მძარცველებმა მხოლოდ ფული წაიღეს,“ — ამბობს დაზარალებული.
მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სავარაუდო ქურდმა კარგად იცოდა დაზარალებულის ფინანსური მდგომარეობისა და გადაადგილების შესახებ. ვარაუდობენ, რომ უცხო პირი ეზოში გარედან შევიდა და ღია ფანჯრიდან ოთახში შეაღწია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფები იმყოფებოდნენ. დაიკითხა როგორც სასტუმროს მეპატრონე, ასევე დაზარალებული.
„აჭარა თაიმსი“ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.