საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის არიან 3 ე.წ. კანონიერი ქურდი.
დაკავებულებსა და ბრალდებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები იმართებოდა. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები – სულხან ჯაფარიძე, მეტსახელად „სუხო“, და პეტრე ბაქრაძე, მეტსახელად „პაატა ტბილისკი“. ისინი მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებში ერთვებოდნენ და ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა, მეტსახელად „ჯვარსკი“, ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავეს.
პოლიციის მიერ ჩატარებული პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთთან და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ინარჩუნებდნენ კავშირს. ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიდენს.



