
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს მიმართა 23 წლის სტუდენტისთვის, მეგი დიასამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.
„ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან,“ – აღნიშნა დარახველიძემ.
მეგი დიასამიძეს ბრალი წარდგენილი აქვს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებისთვის“. პროკურატურის ინფორმაციით, მას ზიანის მიყენება 380 ლარის ოდენობით ედება ბრალად.
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ინციდენტის საქმეზე ორი პირი გათავისუფლდა, რადგან დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებების გარეშე შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალის წარდგენა.